EXCLUSIVE: გაიცანით ისტორიულ მატჩზე ზუსტად შესრულებული პენალტების ერთ-ერთი ავტორის, ლაშა დვალის უმშვენიერესი მეუღლე

ლაშას ოჯახი

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.

ანგარიშის ბედი, პენალტების სერიაში გადაწყდა და „პრაიმტაიმი“ სწორედ, ერთ-ერთი პენალტის ავტორის, ლაშა დვალის ოჯახზე, ექსკლუზიურად მოგიყვებათ. 

ჩვენთან საუბარში, ლაშას უმშვენიერესი მეუღლე, მაკა ბუაჩიძე, ემოციურად საუბრობს და სრულიად საქართველოს ულოცავს ისტორიულ გამარჯვებას. უპირველეს ყოვლისა, ძალიან ამაყობს მისი მეუღლით და ამბობს, რომ მას უდიდესი შრომა დაუფასდა. 

მაკა, პირველ რიგში, მოგვიყევით იმ ემოციების შესახებ, როდესაც ლაშამ გოლი გაიტანა, რა იგრძენით?

  • სანამ პენალტების სერია დაინიშნებოდა, მთელი ეს 120 წუთი, რაც ითამაშეს, შეუდარებელი იყო. ლაშაც უშეცდომო იყო თავიდან ბოლომდე. პენალტების სერიაში იწყებენ შემტევები და არ ველოდებოდი ლაშას, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ გამოიჩენდა თავს და გავიდოდა. მაინც ძალიან მეშინოდა, რადგან შემტევი არ არის და მცველებს არ მოეთხოვებათ პენალტებზე ბევრი მუშაობა, რომ დავინახე გადიოდა, ეგრევე შევტრიალდი, თვალებზე ხელი ავიფარე და ვერ ვუყურე, არ შემეძლო. ხმები მესმოდა, გოლი გავიდა, გავიდა, ეს მესმოდა მეტი არაფერი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ლაშას ოჯახი, სამეგობრო და თითოეული ადამიანი.

ლაშა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. როგორი შეგრძნებაა ეს ყველაფერი. 

  • ეს შეგრძნება, მართლა საოცრებაა. ძალიან გამიხარდა, რომ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, რადგან, საქართველოში ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ლაშას დაყენებას ნაკრებში. ახლა, ამ ორ თამაშზე, მიეცა შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, თავისი თავი ანახვა მთელს საქართველოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელმა საქართველომ დაინახა ლაშას შესაძლებლობები. ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან, მე ყველა მის თამაშს ვესწრები და უცხოეთში, ბევრჯერ გამხდარა საუკეთესო მოთამაშე, თუმცა საკუთარ ქვეყანაში როცა ეს ხდება,  საოცარი შეგრძნება გაქვს, მით უმეტეს, ასეთ ისტორიულ თამაშზე. ეს იყო რაღაც სასწაული. 

ოჯახში როგორ აღნიშნეთ ისტორიული გამარჯვება. 

  • ოჯახის წევრები, მამა, დედა, ძმა, ბებია, ბაბუა, ყველანი შოკირებულები იყვნენ. ვტიროდით სიხარულისგან და ყველას მაღალი წნევა გვქონდა. უდიდესი ემოციები იყო. პირველად ვნახე, ასეთი ბედნიერი საქართველო. ჩვენმა ბიჭებმა, შეუქმნეს ეს მთლიან ქვეყანას. 

თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ?

  • დავამთავრე იურიდიული, არასდროს მიმუშავია ამ განხრით, რადგან გავთხოვდი და ლაშასთან წავედი. ახლა დავიწყე ინტერიერის დიზაინის სწავლა და რაც შემიძლია, ონლაინ ყველაფერს ვაკეთებ. 90 პროცენტი ლაშაზე და ჩვენს შვილზე, მილიზე ვარ გადართული. შვილის აღზრდაში, ძალიან კარგი ადამიანი მეხმარება, რომელიც ორი წელია, ჩვენთან ცხოვრობს, ოჯახის წევრი და სასწაული ადამიანია. 

მოგვიყევით, თქვენს სიყვარულზე, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

  • ლაშა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამაცნო. მერე სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და ნელ-ნელა დავახლოვდით. თავიდან ვმეგობრობდით მიწერ-მოწერებით და მერე უფრო მარტივად დავახლოვდით. 

ლაშას ადამიანურ თვისებებზეც მოგვიყევით. 

  • ლაშა, უზომოდ, უზომოდ კეთილი და ჰუმანური ადამიანია. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი და კარგი მამაა. რაც კი დადებითი არსებობს ადამიანში, ყველაფერია ამ ერთად ადამიანში თავმოყრილი. 

ბავშვის აღზრდაში როგორ არის ჩართული?

  • ასეა თუ ისე, თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, რასაც ახერხებს ყველაფერს უკეთებს მილის. ვარჯიშიდან, რომ მოდის, მიჰყავს სასეირნოდ, ბანს, ტანვარჯიშზე დაჰყავს და ა.შ. სახელიც მან შეურჩია ბავშვს. 

ძნელია ფეხბურთელის ცოლობა? როგორ უწყობთ მეუღლეს ხელს? 

  • ამ ყველაფერს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა, მე ადაპტაცია არ მიჭირს და პირიქით, დადებითს ვუძებნი, მიყვარს ადამიანების გაცნობა, მათთან კომუნიკაცია. მე ლაშაზე ვარ დამოკიდებული და სადაც ის იქნება, იქ ვიქნები მეც. ყველანაირად ვუწყობ ხელს.

თავად რას ამბობს გოლის ავტორი? უბედნიერესი იქნება, მისი ემოციებიც რომ გაგვიზიაროთ.

  • ლაშამ ეგრევე გასახდელიდან დამირეკა და ისეთი სახე ჰქონდა, მხოლოდ მილი რომ გაჩნდა მაშინ ჰქონდა ეგ სახე. უბედნიერესი იყო, რომ ეს მოხდა თავის ქვეყანაში და ეროვნულ ნაკრებში. სიტყვებით კიდე ვერ გადმოვცემ ამ ყველაფერს. უკვე დაუბრუნდა კლუბს და იქაც ჩემპიონობისთვის იბრძვის. ევროპაზეც იმედი აქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თითოეული ფეხბურთელი თავის საქმის პროფესიონალია, მინდა მათ ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან ჩვენ თავზე გვაქვს გამოცდილი, როგორ დახია ტრავმებმა უკან. სამი ოპერაცია გაიკეთა და ძალიან რთული იყო. ვუსურვებ თითოეულ ფეხბურთელს რომ ჯანმრთელად იყვნენ.