ევრო 2025-მდე რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ გადაწყობა უნდა მოვახერხოთ - რამაზ სვანაძე

რამაზ სვანაძე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ რუმინეთთან გამართული ამხანაგური მატჩი (0:1) შეაფასა და ყურადღება ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მზადებაზეც გაამახვილა.

„მძიმე თამაში გამოვიდა. დავმარცხდით და ამით კმაყოფილი არავინაა. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამხანაგურ შეხვედრაში საქმეში ყველა ფეხბურთელი გვენახა და ტრავმები თავიდან აგვერიდებინა. ეს საკითხი განსაკუთრებით გვაღელვებდა ბოლო დღეების მოვლენების ფონზე.

ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა სეზონი 2-3 კვირის წინ დაასრულა და მათთვის რუმინეთთან შეხვედრა დიდი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი იყო. მინდა, მათი ქმედებები სწორედ ამით ავხსნა. დაგვაკლდა ის სისწრაფე, მოძრაობა და აგრესია, რაც ყოველთვის გვახასიათებს.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა დაგვრჩა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთ იქნება — განსაკუთრებით მოძრაობის კუთხით. მთლიანობაში, კარგი სპარინგი გამოვიდა, რადგან ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღეთ.

აუცილებელია პროგრესი, განსაკუთრებით — დაცვის ფაზაში. ასევე გვჭირდება მეტი კონცენტრაცია. ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. გადაწყობა მარტივი არ არის, დრო კი ცოტა გვაქვს, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლონეთთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“, — განაცხადა რამაზ სვანაძემ.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ტრავმების გამო სამი ცენტრალური მცველი დააკლდა — ლუკა ლაცაბიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე და საბა გოგლიჩიძე. სვანაძის გუნდი სლოვაკეთში 8 ივნისს გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს. 21-წლამდე ნაკრები ევრო 2025-ზე პირველ შეხვედრას 11 ივნისს, ჟილინაში, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.