1749469094
დანა უაითს ვუთხარი, რომ საქართველო არის ჩემპიონების ქვეყანა და გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას - შალვა გოგოლაძე

UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ში, დანა უაითთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებშიც MMA-ის ახალი დარბაზები იქნება გათვალისწინებული.
„მქონდა პატივი, შევხვედროდი UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს. ხანგრძლივი, დაახლოებით 1-საათიანი აუდიენცია მქონდა, რომელიც ქართველმა ბიზნესმენმა დავით ნატროშვილმა დააორგანიზა, ის არის UFC-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორი. დანა უაითს ვუამბე საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც დაწყებულია და იგეგმება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძოდ - 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსები, რომლებშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული MMA-ის ახალი დარბაზები. შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია სპორტის ეს სახეობა, სულ 7 ჩემპიონი არსებობს და 7-დან 2 ქართველია. ვუთხარი, რომ საქართველო არის ჩემპიონების ქვეყანა და არა მხოლოდ UFC-ში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც გვყავს მსოფლიო ლიდერები. დანა უაითი მოვიწვიე ჩემპიონების სამშობლოში. ამასთან, გავაცანი პრემიერის და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მზად ვართ, საქართველომ უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ „ივენთს“, რაზეც მივიღეთ თანხმობა, რომ აღნიშნული შესაძლებლად მიაჩნიათ. ჩვენ, მიმდინარე წლის სექტემბერში, გვაქვს MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გარკვეულწილად იქნება ერთგვარი გამოცდა ჩვენი ქვეყნისა, თუ როგორ ვუმასპინძლებთ მსგავს ღონისძიებას. დავიწყებთ UFC-ის ორგანიზაციასთან ყოველდღიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა შალვა გოგოლაძემ.