ავთანდილ ასათიანი: მადლობა ბიჭებს საოცარი ბრძოლისთვის, მათ დაამტკიცეს, რომ საქართველოში ფუტსალი არსებობს

ავთანდილ ასათიანი

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ევრო 2026-ის პლეი ოფში სლოვაკეთთან გამართულ საპასუხო შეხვედრაზე. მიუხედავად წაგებისა (3:5), საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში (4:1, 3:5) 7:6 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

„მადლობა ბიჭებს საოცარი ბრძოლისთვის. ბოლო ინტერვიუში ვთქვი, ყოველი მილიმეტრისთვის თუ არ ვიბრძოლებდით, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებდით. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მთავარი მიზანი შევასრულეთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც შესარჩევი ციკლის ექვსივე შეხვედრაში გვერდით დაგვიდგა. სწორედ აქედან დაიწყო ეს წარმატება. ჩემს ფეხბურთელებს ყველა პირობა ჰქონდათ, რომ მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ.

მასპინძლებს საპასუხო შეხვედრაში დაემატათ ტომაშ დრაჰოვსკი, მან სლოვაკების თამაში შეცვალა, მაგრამ ბოლოს ჩვენი ჟინით მოვიგეთ. ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა აქ ყველაზე მთავარი თავდადება იყო. მინდა, მთელ საქართველოს და ფუტსალის გულშემატკივრებს მივულოცო. თბილისურ თამაშში ისე მაგრად გვქომაგობდნენ, მათ გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით.

წინ უნდა გავიხედოთ და ევროპის ჩემპიონატისთვის სერიოზულად მოვემზადოთ. ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ ამ ბიჭებმა დაამტკიცეს – საქართველოში ფუტსალი არსებობს. მეამაყება, რომ ქართველი ვარ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება.