6-7 სექტემბერს საქართველო წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირს „ფოთი პრო 2025“ მასპინძლობს

ტურნირი

დღეს ფოთში ოქროს ტბის ისტორიულ ბაზაზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა „ ფოთი პრო 2025“.

ტურნირი ტარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია ფოთის მერია და სპორტის სამინისტრო.

ფოთის ლეგენდარულ ბაზას 30-მდე სპორტსმენი სტუმრობს.  ტურნირში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მასშტაბის წამყვანი სპორტსმენები ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნიდან. შეჯიბრი ტარდება ორ ეტაპად: ტრამპლინიდან ხტომასა და სლალომში.  ტურნირში მონაწილეობას იღებს ქართველი ლეგენდა გენო გურალია, რომელიც 2008 წელს დასახელდა ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურედ.

ტურნირის ჩასატარებლად დღეისათვის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უკვე მოქმედებს მოდულებისგან აწყობილი ბაზა, სადაც განთავსებულია ოთხი გუნდის ეკიპირება. მიმდინარე ეტაპზე, პირველად, საქართველოში ორი კატარღის ერთდროულად მისაღებად საერთაშორისო სტანდარტების პონტონი მოქმედებს, რომელიც სასტარტო ბაქანად გამოიყენება.

ამ ტურნირის წარმატებით ჩატარება გზას უხსნის საქართველოს საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანოს განაცხადი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნითვის.

ტურნირის ტრანსლირებას განახორციელებს Waterski Pro Tour-ის TWBC Broadcast მაუწყებელი, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონიან აუდიტორიას ფარავს და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ამავდროულად ტურნირის მხარდამჭერია.

საქართველოს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე მონიშვნით, ხელი შეეწყობა რეგიონის პოპულარიზაციას, სპორტული ტურიზმის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში დამატებითი თანხების გენერირებას.

ინფორმაციისთვის:

წყალსათხილამურო სპორტმა საქართველოში 2023 წლიდან ახალი სიცოცხლე შეიძინა. თუმცა ეს ყველაფერი 1984 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გენადი გურალიამ.

დღეს საქართველოში აქტიურად ვითარდება სპორტის ეს სახეობა და მომავალში ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობის ამბიციაც ჩნდება.

საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაცია (International Waterski & Wakeboard Federation – (IWWF), სამივე კონტინენტიდან 90-მდე ქვეყანას აწევრიანებს, მსოფლიო წყალსათხილამურო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება 90-იან წლებში მოხდა.