„როგორც იქნა ბინა ვიქირავე...“ - რატომ აღარ ჩნდება ეკა კვალიაშვილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ეკა კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად აღარ ჩნდება, არც სატელევიზიო გადაცემებში იღებს მონაწილეობას, თუმცა აქტუალურობას მაინც არ კარგავს.

რამდენიმე კვირის წინ, მის სატელევიზიო გამოჩენას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „პრაიმ ტაიმი“ ყველა დროის საყვარელ მომღერალს ესაუბრა.

- ეკა, რატომ აღარ ჩანხართ აქტიურად?

- არ ვჩნდებოდი იმიტომ რომ თვალი არ მეცეს-მეთქი, ამას იუმორით ვამბობ.  ათასი წინააღმდეგობა შემხვდა ცხოვრებაში და ამიტომ ვარჩიე ჩემთვის ვყოფილიყავი. რამდენჯერაც გამოვჩნდებოდი და წარმატებას მივაღწევდი, ათასი ჭორ-მართალი მოჰყვებოდა ამას. არის ნათელი მხარე, ასევე ბნელი მხარე. ბნელ მხარეს აქვს უნარი გააქიაქოს და შეაძულოს ადამიანი სხვას, საზოგადოებისთვის მიუღებელი გახადოს,  წინ რომ ვერ წავიდეს. აქედან გამომდინარე დროებით ასე ყოფნა ავირჩიე. მე პირდაპირი ადამიანი ვარ, ჩემი ჯავშანი და იარაღი მხოლოდ სიმართლეა და ღმერთი, რომელიც მმფარველობს. როცა ვხედავ მთლიანი ერი სადღაც იჩეხება, რა თქმა უნდა სიმართლეს ვამბობ და ხალხს ვეუბნები აზრზე მოვიდეს.

- წლების წინ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გქონდათ, ახლა როგორ ხართ?

- აი რაში მდგომარეობს ადამიანის სიძლიერე, ფსიქოსომატიკით ვიყავი დაკავებული. ვანვითარებდი ჩემს თავს სანამ არ ვჩანდი და მივხვდი ყველანაირი ბერკეტი არის საკუთარ თავში და ასე დავიწყე საკუთარი თავის განკურნება. ჩემი თავის და ჩემი ქვეცნობიერის ბერკეტი კარგად გავიცანი, დავუმეგობრდი, გავეცი ბრძანება რომ კარგად უნდა ვიყო და კარგად ვარ.

ძალიან ღრმა რწმენა მაქვს. მწამს იმ დიდი ენერგიის და სიყვარულის, რომელსაც ღმერთი ეწოდება, იმ ერთიანობის რომელსაც სამება ეწოდება. შევიყვარე ჩემი თავი, სინათლეში როცა შედიხარ, ბნელი ნათდება. შეიძლება ვიღაცამ ეს ვერ გაიგოს, მაგრამ მე ვარ ამის ფაქტი. მე მაქვს ენერგია, მე მიცავს ჩემი რწმენა, ჩემი სინათლე და ის დიდი სიყვარულის ენერგეტიკა რასაც ვაფრქვევ. რასაცა გასცემ შენიაო, ტყუილად არ არის ნათქვამი.

- ალბათ ძირითად დროს ბავშვებთან ატარებთ...

- ძირითადად ასე იყო. რაღაც მომენტები იყო როცა სრულიად მარტო ვიყავი. ბავშვები ხშირად მოჰყავდა ნუკას, ვერთობოდი მათთან ერთად. მეგობრები ვართ, მე სხვანაირად არ შემიძლია. ჩემი შვილიც არ გამიზრდია სხვანაირად. მამაჩემი იყო ჩემი ძმაკაცი და მაგან მიმაჩვია მეგობრულ ურთიერთობებს. მამას და მამის დედას ვგავარ. ძალიან გულიანები და შინაურულები არიან ჩემები, მადლობელი ვარ რომ მათ ვგავარ.

- თქვენს შვილიშვილებს გამოჰყვათ სიმღერის ნიჭი?

- უი უი, ძალიან მაგარი სიმღერის ნიჭი გამოყვათ. იცით რა ხმა აქვთ? თუმცა ბოლომდე არცერთი სიმღერა არ იციან, უფრო სპორტს მიყვებიან. ბავშვს რასაც დაუძახებ იმას გეძახის, მე ჩემებს ვეფერები როგორც ბება ბება, ისინი მეძახიან ეკა ეკა. ეტყობა ბებიად ვერ აღმიქვამენ.

ნუკასთან გამორჩეული დედა შვილობა მაქვს. ჩემი სირთულეები ჩემი შვილისთვის არ მომიხვევია, ბავშვი იყო, ყველაფერს ხედავდა და იცის. დიდი ქალია უკვე, თავისი ოჯახი აქვს და თავის საკუთარი შეხედულებები აქვს.  როცა პატარა იყო ბევრ რამეზე ვმსჯელობდით, ახლა ამისთვის არ სცალია.

- როგორ ახერხებდით ერთად მარტო გაგეზარდათ შვილი და თან გქონოდათ ნამდვილი ვარსკვლავური კარიერა?

ნუკა იმ პერიოდში დედაჩემთან და მამაჩემთან იყო. ბნელი 90-იანები იყო, მაგრამ უფრო მეტი კონცერტი და გადაღება მქონდა ვიდრე ახლა. ოჯახში ფინანსური შემომტანი ვიყავი მე და მე რომ სახლში ჩავმჯდარიყავი, ჩემები პენსიონერები იყვნენ და გამორიცხული იყო სხვანაირად. მე ვმუშაობდი მარტო. ნუკა ძალიან კარგად გრძნობდა თავს ჩემს მშობლებთან და არაფერი არ აკლდა.

- კარიერის აწყობა სხვა ქვეყანაშიც სცადეთ, შემოთავაზებებიც გქონდათ, თუმცა უარს ამბობდით, ამ გადმოსახედიდან ხომ არ ნანობთ ამას?

- ვერ ვჩერდებოდი სხვა ქვეყანაში. დავიწყებდი და ისეთი ნოსტალგია მემართებოდა,  წამოსვლა ჯობდა. ჩემი ბნელი ქალაქი მერჩივნა ყველაფერს,  აქ ვიყავი ბედნიერი. აღარ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ რომ მიხვდნენ მე არ ვიყავი ტიპი, რომელსაც სათავისოდ გამოიყენებდნენ, მაგის გამო მძიმე პერიოდი მქონდა.  ამიტომ გამოვიარე შიმშილობა, უფულობა, ბანკის ვალები და ა.შ

დიდ პატივს მცემდა ბადრი პატარკაციშვილი და „არტ-იმედის“ დროს უზარმაზარი პროექტი გამაკეთებინა. ხელფასი მქონდა, ამოვისუნთქე. შემდეგ ისევ აირია ყველაფერი, მერე რაღაცები შეიცვალა და ახლა პატარა დახმარებაც მაქვს. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და რუსები შემოვიდნენ, ძალიან გაძვირდა ბინები, მოსკოვის ფასები დაედო, ამის გამო ხან ერთ დაქალთან ვრჩებოდი, ხან მეორესთან, დიდხანს ვისთან იცხოვრებ? ბოლოს და ბოლოს ერთმა გამგეობამ გაიგო ჩემი ამბავი და როგორც იქნა ბინა ვიქირავე. როცა გაიგეს რომ ძალიან მიჭირდა, ქუჩაში ვიყავი. როცა უკრაინელები და რუსები შემოვიდნენ, მოსკოვზე ძვირი ღირდა ბინები გლდანში და დიდ დიღომში. ხან ერთ დაქალთან ვიყავი, ხან მეორესთან. დიდხანს ვისთან დარჩები? ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა გამგეობამ გაიგო ჩემი ამბავი და როგორც იქნა ბინა ვიქირავე. იმედი მაქვს ოდესმე საკუთარ სახლს ვეღირსები.

 

- ქალბატონო ეკა, როგორც ვიცი, ჯანმრთელობის მეორე პრობლემაც გქონდათ...

- ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ვკოჭლობ. რამდენიმე წლის წინ ფეხი დამიცურდა და მთელი ტანით დავეცი. ეტყობა ნერვი ჩაჰყვა, გადავიღე მრტ და ახლა თურქეთში უნდა ჩავიდე. უნდა გაირკვეს სადაა ჩაყოლილი ეს ნერვი, შესაძლოა ინერციით ამოიღონ და მეტი არაფერი დასჭირდეს. დამავიწყდა ქუსლიანი ფეხსაცმელი. მისუსტებული ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი, თითქოს სულ დაღამებული იყო, ღვთის წყალობით ყველაფერმა გაიარა და მადლობა ღმერთს.