ფული

საზოგადოება • 1791834023

ვის რამდენით გაეზრდება პენსია - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

555-ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70-წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოვთ 70-წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, 70 წლამდე პენსიონერებისთვის მხოლოდ 20 ლარით ზრდა იყო გათვალისწინებული.„70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ისედაც არის გათვალისწინებული ინდექსაციით მეტი ზრდა. 555-ლარამდე იზრდება მათთვის პენსია. ამას ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად ის ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისთვის. 20 ლარი იყო ზრდა მხოლოდ. იქ იყო 60 ლარი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70-წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ინდექსაცია ნაკლებ მატებას ითვალისწინებს, საგანგებო ზომა მივიღეთ სწორედ 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, 45 ლარით გაიზრდება.

მინდაუგას სინკევიჩიუსი

მსოფლიო • 1791822477

ლიეტუვის პრემიერი: ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, მინდაუგას სინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა სთხოვონ, დარტყმები განახორციელოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრზე.ლიეტუვის პრემიერის კომენტარი გაჟღერდა პასუხად შეკითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ლიეტუვამ, პოლონეთმა და სხვა მოკავშირეებმა საკუთარ ქვეყნებში არჩევნების ჩარევისგან დასაცავად.„ვფიქრობ, ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს და ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს“, - განაცხადა მან.მისი თქმით, სტრატეგიები და გეგმები აუცილებელია, თუმცა „რუსეთს ისინი ვერ აკავებს“.„ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მრეწველობა კვლავ ჩამორჩება რეალურ საწარმოო საჭიროებებს, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ამიტომ საჭიროა მისი სტიმულირების გზების ძიება - უფრო აქტიური ორმხრივი თანამშრომლობით, უკრაინის გამოცდილებიდან სწავლითა და მის მიერ შეძენილი კომპეტენციების გაზიარებით. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად - ინფორმაციის გაცვლით, ერთობლივი შესყიდვებით, ერთობლივი წარმოებითა და ერთობლივი სწავლებებით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.6

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1791816740

დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

მთავრობის და ვიცე პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საზღვაო ტვირთების მიღებისა და გადამუშავების პოტენციალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში.„ამ მიმართულებით საქართველო უკვე მუშაობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაშიც. ამ მარშრუტთან დაკავშირება ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და საერთაშორისო ვაჭრობიდან მიღებული სარგებლის გაზრდას. ანაკლიის პორტის განვითარება ამ მიზნის მიღწევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რადგან თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოს საშუალებას მისცემს, მზარდ სატრანსპორტო ნაკადებს მოემსახუროს და რეგიონში თავისი კონკურენტული უპირატესობა გააძლიეროს. ამ მიზნების მისაღწევად ხელისუფლება კომპლექსურ ნაბიჯებს დგამს. რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი ვაგონებისა და ლოკომოტივების შეძენა, გამტარუნარიანობის გაზრდა, საგზაო ქსელის გაუმჯობესება და საზღვაო პორტების განვითარება, ერთიანი გეგმის ნაწილია. საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის 2029 წლისთვის 15 მილიონი ტონიდან 29 მილიონ ტონამდე გაზრდის მიზანი ნათლად აჩვენებს, რამდენად მასშტაბურად ვითარდება ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობები.ამ პროცესში განსაკუთრებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მარიამ ქვრივიშვილის, აქტიური ჩართულობა და დაუღალავი შრომა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაო პროცესი ემსახურება იმას, რომ საქართველომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები სასარგებლოდ გამოიყენოს. დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაში სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად განავითაროს ინფრასტრუქტურა, მოიზიდოს ინვესტიციები და ახალი შესაძლებლობები შექმნას.სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და სატრანსპორტო ქსელის განვითარება. ეს საქართველოსთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანამ უკეთ გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, მოიზიდოს მეტი ტვირთი და ინვესტიცია, გააძლიეროს ეკონომიკა და საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის აქტიური მუშაობაც სწორედ ამ შესაძლებლობების რეალიზებასა და საქართველოსთვის მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მოტანას ემსახურება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791814558

ირაკლი კობახიძე: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791807922

პრემიერი: ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება იმპორტის ფასის შემცირება

წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.მისივე თქმით, ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან.„წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ დაგვხვდა ეს მოცემულობა, ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნებიდან ჩვენ შუამავლის მეშვეობით არ ვყიდულობთ დენს. არის შვილობილი კომპანიები, შვილობილი კომპანია იგივეა, რაც შესაბამისი პარტნიორი, ანუ მათი შვილობილი კომპანიებია და არა შუამავალი კომპანიები, შესაბამისად ჩვენ სხვა ქვეყნებიდან შუამავლის გარეშე ვახორციელებთ დენის იმპორტს. ზოგადად, რაც გვექნება დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება იმპორტის ფასის შემცირება. როცა ამის დრო დადგება, შეიძლება, რომ ეს ფაქტორი გახდეს საფუძველი ფასების გადახედვისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძე

პოლიტიკა • 1791807627

პრემიერი დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციაზე: სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია

სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციის საკითხს ეხებოდა."10 000 ლარი არის 1 სულზე. სულ თუ არის, პირობითად 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას. ეს არის, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ოჯახის არჩევანი, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ საცხოვრისზე იყოს მიმართული ეს ფინანსები. არიან დევნილი ოჯახები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ღირსეული საცხოვრისი. მათი განსაკარგი იქნება ეს თანხა, რაც მეტი მოხმარდება საცხოვრისით უზრუნველყოფას, მით უკეთესი", -  განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791806822

პრემიერი: კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, გაიხსენეთ პრემიერები, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ საკუთარი ბიზნესი მოიწყო, ბახტაძის და კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან

კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, შეგიძლიათ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრები, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო, მაგრამ ეს იყო პატარა, "ქართულ-ჯიგრულ პონტში", როგორც თვითონ ამბობდა, ბახტაძის პერიოდში არავითარი კორუფცია, საერთოდ არავის უსაუბრია ამაზე, კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან და ეს არის  რთული სამუშაო პროცესის შედეგი."კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრები,  იგივე გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რაზეც ჭორაობდნენ - მაგალითად საუბრობდნენ იმაზე, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო ერთ სამეგრელოში, ერთი  შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა, "ქართულ-ჯიგრულ პონტში", როგორც თვითონ ამბობდა, შემთხვევები, მეტი არაფერი. ანუ სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს  გახარიას პერიოდში.ასევე ბახტაძის პერიოდში არავითარი კორუფცია, საერთოდ არავის უსაუბრია ამაზე. კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. რაც შეეხება კორუფციას, თავი იჩინა ამ პრობლემამ, დაახლოებით ორი წელი იყო კრიტიკული. თუმცა როგორც კი გამოვლინდა ეს პრობლემები, მაშინვე განაცხადი გააკეთა გუნდის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ის შემობრუნდა პოლიტიკაში და შემდეგ დავიწყეთ ამ განაცხადის აღსრულება და ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. მე დღესაც შემიძლია გავიმეორო ჩემი მარტივი შეთავაზება - თუ წარმოადგენთ თუნდაც ერთ ფაქტს, რომ მაგალითად რომელიმე მინისტრი არის გარეული რომელიმე კორუფციულ გარიგებაში, ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი, იქვე იქნება მყისიერი რეაგირება. ამიტომ, ძალიან თამამად ვსაუბრობთ ამ თემაზე. ეს ჩვენი სითამამე ეფუძნება იმას, რომ მთლიანად გავწმინდეთ კორუფციისგან ხელისუფლების ზედა ეშელონები.მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია დღეს სისტემა კორუფციისგან. ეს არის, საკმაოდ რთული სამუშაო პროცესის შედეგი. მარტივი არ იყო - წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა. თუმცა დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეულ მაღალი თანამდებობის პირზე", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე

პოლიტიკა • 1791806327

პრემიერი: ჩვენ გვინდა, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც, თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან

ჩვენ გვინდა ორივე - ერთი, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან."ამ ადამიანებმა, ამ ბიუროკრატებმა მკაფიოდ განაცხადეს 2024 წლის  არჩევნებამდე, რომ თუ არ შეიცვლებოდა ხელისუფლება და არ დაბრუნდებოდა  კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ამ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს პირდაპირ განაცხადეს.  შემიძლია ციტატები ამოგიღოთ, სადაც პირდაპირ ამბობდნენ და  მათ შორის, ბატონი ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი  ამბობდა, რომ ახლა არის პრობლემები ამ ხელისუფლების გამო ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ უნდა გამოხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან და უნდა გაესტუმრებინა ხალხს ეს ხელისუფლება. ხელისუფლების გასტუმრება ნიშნავდა, მათ შორის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას. მათ გამოხატეს ეს პოლიტიკური სურვილი და პირდაპირ თქვეს, რომ ან "ნაცმოძრაობა" უნდა დაბრუნდეს, ან შეჩერდება ევროინტეგრაცია. ჩვენ გვინდა ორივე - ერთი, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც. თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან", -  განაცხადა პრემიერმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60-65% იყო შესრულებული იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ახლა არის შესრულებული 90%."მაგალითად დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, კითხვაზე პასუხად შეიძლება გითხრათ რამე ევროკავშირთან დაკავშირებით. თქვენ როცა კითხვას სვამთ, მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ან ჰერჩინსკის განცხადებაზე. ჰერჩინსკიმ რა გააკეთა, ჯერ ერთი კონცერტის გაკეთება უნდოდათ ევროკავშირის დაფინანსებით და მაინცდამაინც, შემთხვევით მიაგნეს მხოლოდ იმ მუსიკოსს, რომელიც მღეროდა ამ ცნობილ სიმღერა „ოლე ოლას“. პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს  1 120 000 მოქალაქეს. მაინცდამაინც ისე დაემთხვა, რომ ევროკავშირი იწვევდა ამ ადამიანს კონცერტზე. ის კონცერტი გაუქმდა  იმიტომ, რომ საფრთხე დაინახა კონკრეტულმა მომღერალმა, გავიდა რამდენიმე დღე და კიდევ ერთი კონცერტი იმართება და ჰოი საოცრებავ, ისევ დაემთხვა, კიდევ ერთი „ოლე ოლას“ მომღერალი. ეს ხომ პოლიტიკური განაცხადია. 150 კაცი შეკრიბეს, სასტუმროს ეზოში მოაწყვეს კონცერტი. ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ "ოლე ოლას" შემსრულებელი მიიწვია მაინცდამაინც კონცერტზე, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს, 1 120 000 ადამიანს მძაფრი ფორმით, შეურაცხმყოფელი ფორმით. რა თქმა უნდა, ამას გიპასუხებთ. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პასუხად კითხვებზე და ეს კითხვები ეხება ხოლმე მათ თავდასხმებს ქართველ ხალხზე. მარტივად არის საქმე. ჩვენ ხმას არ ვიღებთ, თქვენ გვისვამთ კითხვას, ევროპარლამენტი თავს დაესხა ქართველ ხალხს, დაამტკიცა რეზოლუცია, ან ჰერჩინსკი თავს დაესხა ქართველ ხალხს, როდესაც „ოლე ოლას“ მომღერლებთან ერთად გამართა კონცერტი. ამ კითხვაზე, რა თქმაუნდა, პასუხს გაგცემთ და ეს პასუხი, ბუნებრივია, ვერ იქნება დადებითი. მარტივად არის საქმე - რა შუაშია ჩვენგან თავდასხმა.  საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა,  თუ განვითარება, რა დავთმოთ?. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები, იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის, კანონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის", -  განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე

პოლიტიკა • 1791805865

ირაკლი კობახიძე: ურთულესი წლები გამოვიარეთ - როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას - ქვეყანა არის სტაბილური და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში

ურთულესი წლები გამოვიარეთ - როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.პრემიერის თქმით, ქვეყანა არის სტაბილური და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში.„ურთულესი წლები გამოვიარეთ ყველა თვალსაზრისით. მათ შორის აქ იგულისხმება მუდმივი გარე ზეწოლა და იძულება, რომ რაღაცები დაგვეთმო. 2012 წლიდან იყო უმძიმესი პროცესები. როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და მაშინვე დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ შეიძლება, დამნაშავეები არიან, მაგრამ არ დაიჭიროთ. 2013 წელს, ოთხ პოლიტიკოსზე იყო საუბარი, რომ ორი შეგიძლიათ დაიჭიროთ, ორი არ შეგიძლიათ დაიჭიროთ - ამ დონეზე უხეშად მიდიოდა საუბარი. საჯარო განცხადებები კეთდებოდა 2013 წელს, რომ არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა ახლოთ ხელი, არ შეეხოთ, არ შეიძლება გამოძიება, არ შეიძლება დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და ა.შ. ღიად მფარველობდნენ. ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ. იყო კოალიცია და კოალიციის მართვაც იყო ურთულესი პროცესი. ის გაგრძელდა ოთხი წელი. პირველი ოთხი წელი იყო ძალიან რთული. შემდეგ იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდი, ეს ოთხი წელიც განსაკუთრებული სირთულეებით იყო გამორჩეული, იმიტომ, რომ გუნდის შიგნით იყო პრობლემები 2018 წლიდან იჩინა უფრო ამ ყველაფერმა თავი, ესეც იყო გარედან პროვოცირებული. ამ დროს გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდა 2018-2019-2020 წლებში და ამის გამო მოუწია ჩვენს გუნდს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მათ შორის თანამდებობის პირების კუთხით.თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას. ქვეყანა არის სტაბილური უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში. ადამიანის უფლებების კუთხით რადიკალურად შევცვალეთ სიტუაცია - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა.შევეხები ეკონომიკურ ზრდას - მხოლოდ და მხოლოდ 28 მილიარდი ლარიც არ იყო საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს. უკვე შარშანდელი მონაცემებით არის 104.5 მილიარდი ლარი. ამ ყველა უბედურების ფონზე, პრობლემების ფონზე ჩვენ თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ბიუჯეტი. ამ ყველაფრის ფონზე, კომპრომისების, დათმობების და მუდმივი ზეწოლის ფონზე მაინც მოვახერხეთ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1791805733

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის, ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავების პერსპექტივები, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი ახალ ინიციატივაზე გააკეთა და განაცხადა, რომ არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი."მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, რომ შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. საქართველოს რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და მისი მოდერნიზაცია, რათა საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა 15 მილიონიდან 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე განმარტებით, საქართველო-უზბეკეთის რიგით მე-11 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია იყო ძალიან ნაყოფიერი და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავება."გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე."აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ უფრო მეტი ტურისტი ამ კონკრეტული ქვეყნიდან", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.კომისიის სხდომა ერთობლივ პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა.საქართველოს მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. ხოლო უზბეკეთის მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები.ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წინა სხდომა უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა.

კობახიძე

პოლიტიკა • 1791805611

პრემიერი: ევროპის ქვეყნებში სერიოზული იდენტობის კრიზისია ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით, საქართველოს ისტორიული არჩევანია ევროპა, ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა

იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით."ჩვენ რატომ ვითხოვთ დიალოგს და დისკუსიას - ვითხოვთ ერთადერთი მარტივი მიზეზით, როცა გვეუბნებიან მაგალითად, რომ ხელისუფლებამ და ქვეყანამ გადაუხვია ევროპულ კურსს, აგვიხსნან, რით გამოიხატება ეს, ოღონდ აგვიხსნან. ხომ უნდა დავსხდეთ და აგვიხსნან, განგვიმარტონ, არგუმენტები წარმოადგინონ, იქნებ ჩვენც გვაქვს ჩვენი არგუმენტები. მაგალითად კანონებთან დაკავშირებით.ისინი თავის დროზე გამოვიდნენ სამარცხვინო კამპანიით გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე მთელმა საზოგადოებამ გაიგო. მთელმა საზოგადოებამ ხომ გაიგო უკვე, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. გამოვიდა სამარცხვინოდ ამერიკის მაშინდელი ელჩი,  ევროკავშირის ელჩი და სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს ამ კანონის წინააღმდეგ, ხომ გაიგო უკვე ყველამ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ გვჭირდება ჩვენ განმარტების მოსმენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რატომ აწარმოეს თავის დროზე ეს კამპანია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, ამისთვის არის საჭირო დისკუსია. ან როცა ვსაუბრობთ კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იქაც ხომ უნდა აგვიხსნან, რატომ არის არაევროპული ის, რომ არ შეიძლება წავიდეს ვიღაც, სახელად ჯუმბერი და ჩაეწეროს ქალად. ხომ უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის ცუდი, განგვიმარტონ. ამიტომ ვითხოვთ დისკუსიას, მეტი კი არაფერი.იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. პირველი, დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროპის ქვეყნებს, არის თავსმოხვეული მიგრაცია, რასაც პირდაპირ გადაწყვეტილებების დონეზე ახვევენ თავს. ამან გამოიწვია ეთნიკური მონაცემების რადიკალური ცვლილება. ეს ერთი, პირველი ფაქტი. ამიტომ გვინდა დისკუსია, რომ ფაქტებით ვისაუბროთ. მეორე - რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. ეს რელიგიური იდენტობა. რაც შეეხება პიროვნულ იდენტობას: ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ,  რომ შენ შეგიძლია, შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ ხარ კაცი, შეგიძლია ჩაეწერო ქალად. ამას ითხოვენ ჩვენგან. ეს არ არის პიროვნული იდენტობის დაკარგვა? ზეპირი და ზოგადი განცხადებები არის სხვა რამე, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ წახვიდე და ერთნაირსქესიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად.საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროპა ხომ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ევროკავშირი უკვე რამდენიმე ათეული წელია შეიქმნა. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი არის ინსტიტუციური გამოხატულება. ამიტომ ისტორიულ არჩევანზე როცა ვსაუბრობთ, ესეც სწორად უნდა ითქვას, რომ ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - იდენტობის პრობლემებზე - ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა.  ჩვენ რას ვამბობთ, რომ იმედი გვაქვს,  ევროპა მოახერხებს, მათ შორის ევროკავშირი მოახერხებს შემობრუნებას. ძალიან სწრაფად იცვლება გლობალურად მოვლენები და შეიძლება რაღაც მოხდეს ორ წელიწადში, სამ წელიწადში, ოთხ წელიწადში. ამასობაში ვაგრძელებთ გზას", - განაცხადა პრემიერმა.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა • 1791805429

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა პენსიონერების მხარდაჭერა და პენსიის 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით ზრდა. ეს ნუ ეგონება ვინმეს, რომ ადვილი გასაკეთებელია, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიის ხარჯების ზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით,- წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.ექსპერტის თქმით, როდესაც 2027 წლიდან პენსიების ზრდა გამოცხადდა 70 წლის ქვემოთ პენსიონერებისთვის 20 ლარით , პრემიერის გამოსვლებით ხვდებოდა, რომ ეს თანხა შეიცვლებოდა. ის აღნიშნავს რომ მსგავსი ცვლილება არ არის ადვილი გასაკეთებელი და ეს გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიის ხარჯების ზრდას.„როცა გამოცხადდა 2027 წლიდან პენსიის ზრდა და 70 წლის ქვემოთ პენსიონერებისთვის 20 ლარით, პრემიერის გამოსვლებით მივხვდი, რომ ეს თანხა შეიცვლებოდა და დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა პენსიონერების მხარდაჭერა და პენსიის 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით ზრდა. ეს ნუ ეგონება ვინმეს, რომ ადვილი გასაკეთებელია, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიის ხარჯების ზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. და კიდევ, პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ.“- წერს ნინო ფოჩხუა.

✕