„სიყვარული თავის თავს არ ეძებს, ანუ ნამდვილი სიყვარულის თვისება არის, რომ...“ - დეკანოზი შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებიდან ამონარიდს გვიზიარებს:

„პარასკევს, პარაკლისის შემდეგ მრევლს სიყვარულზე ვესაუბრებოდი — სიყვარული მარტივი არ არის, მიყვარხარ და მორჩა ასე არ არის — სიყვარულს ძალიან დიდი შრომა სჭირდება, შენ რომ შეძლო შეყვარება ამისთვის შენ ძალიან ბევრი უნდა იშრომო. და შენ თუ დაისახავ მიზნად რომელიმე ადამიანის შეყვარებას — აუცილებლად შენი სიყვარული გამოიცდება, გამოგცდის ღმერთი ამ სიყვარულში. თუ შენ გინდა წრფელი და მართალი სიყვარული — ღმერთი გამოცდის ამ სიყვარულს. შენი სამიზნე, რომლის შეყვარებაც შენ გინდა — აუცილებლად შეიძლება, რომ შენკენ წამოვიდეს ძალიან უარყოფითი რაღაცები, დაპირისპირება შეიძლება წამოვიდეს და თუ შენ, შენი თავიც გიყვარს — ამას ვერ გაუძლებ. ასეთ ადამიანს შემდეგ მოიძულებ, აღარ გინდა ასეთი ადამიანი, რომელიც ასე გექცევა, რომ ამდენ სიყვარულს უწევ და არ უნდა ამის დანახვა — ბუნებრივია რომ ამ ადამიანს მოიძულებ. შენ ჰო შენი თავი ძალიან გიყვარს და შენი თავი ჯერ არ უაგრყვია, როგორ შეძლებ ამას. პავლე მოციქული, როდესაც სიყვარულის რამდენიმე თვისებას ჩამოთვლის, პირველ თვისებად ასახელებს ასეთ რამეს, რომ — სიყვარული თავის თავს არ ეძებს, ანუ ნამდვილი სიყვარულის თვისება არის, რომ ის თავის თავს არ ეძებს. მიყვარხარ შენთვის, ჩემთვის კი არ მიყვარხარ და ჩემთვის კი არ მჭირდები შენ — მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ ჩემთვის არ მჭირდები შენ, მინდა რომ შენთვის ვიყო და შენთვის იყოს ეს სიყვარული. სიყვარული თავიდან ბოლომდე მოგიძღვნა შენ.

მინდა, რომ შენ იყო ბედნიერი ჩემით და გაგაბედნიერო შენ. მე უკან არაფერს არ ველოდები სიყვარულის სანაცვლოდ, მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სხვანაირად არ შემიძლია. მე მინდა მიყვარდე და მორჩა. მინდა, რომ საკუთარი თავი ბოლომდე დავხარჯო. პავლე მოციქული ბოლოს ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ — სიყვარული არასადა დავარდების. ანუ ეგეთი სიყვარული არ დაიკარგება, თუნდაც იმ ადამიანმა არ დაინახოს ეს გაღებული გრძნობა შენი მისდამი, ეს არ დაიკარგება და არასადა დავარდების. შენ, რომ ამას აკეთებდი ჰო გახარებდა? შენ ამით ხარობდი, შენ ჰო სიხარული მიიღე ამ სიყვარულის გაცემით და დაკარგული რატომ არის? — იმან არ მიიღო, ის მასზეა დამოკიდებული. (პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 13:5 —„სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვესცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ“.) ჯვარს, რომ ვწერ ხოლმე მეუღლეებს, ჯვრისწერის შემდეგ ამბიონთან, რომ დავაყენებ ასეთ რამეს ვეუბნები — თქვენ ახლა ჯვარი, რომ დაიწერეთ აღთქმა და პირობა მიეცით ღმერთს, ადამიანი როცა ჯვარს იწერს აღთქმას და პირობას დებს ღვთის წინაშე.

კაცი პირობას დებს, რომ ეს ადამიანი რომელიც მის გვერდით დგას, რომელზედაც ჯვარი დაიწერა — მთელი ცხოვრება ამ ქალს ეს კაცი გააბედნიერებს. და ღვთის წინაშე, როცა კაცი წარდგება ღმერთი კითხავს მას და ასეთ კითხვას დაუსმევს — შენ, რომ მოხვედი ჩემთან და ჯვარი დაიწერე, ეს ადამიანი იყო თუ არა შენით ბედნიერი? გააკეთე თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ადამიანი შენით ბედნიერი ყოფილიყო, დაიხარჯე ბოლომდე მისთვის თუ არა? ღმერთი იმას კი არ კითხავს მისი ცოლი როგორ ექცეოდა მას, არამედ თვითონ როგორ მოექცა მეუღლეს. შემდეგ ქალბატონსაც ვეუბნები ჯვრისწერისას — ღმერთი აუცილებლად იმას კი არ გკითხავს შენი ქმარი შენ როგორ გექცეოდა, არამედ შენ როგორ მოექეცი მას. შენ, რომ აღთქმა და პირობა დადე, ჯვარი რომ დაიწერე და ამხელა მსახურება ჩატარდა შენზე — იყო თუ არა შენით შენი ქმარი ბედნიერი? და გააკეთე თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენი ქმარი შენით ყოფილიყო ბედნიერი. შემდეგ ვეუბნები ასეთ რამეს, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს სიტყვები გაიაზროთ და ხვალინდელი დღე რომ გაგითენდებათ — პირჯვარს, რომ გადაიწერ და მადლობას შესწირავ ღმერთს გათენებული დღისთვის, ღმერთს ეტყვი დიდი მადლობა ღმერთო, მე ვიცოდი რომ შენს გარეშე დღევანდელი დღე არ გამითენდებოდა, მადლობა ღმერთო რომ დღევანდელი დღე მაჩუქე. ქმარიც და ცოლიც ამას, რომ იტყვის და შემდეგ ერთი სული რომ ექნება ქმარს რომ ცოლი გააბედნიეროს, ცოლს რაც უხარია ის გააკეთოს და ცოლს ერთი სული აქვს, რომ ქმარი გააბედნიეროს. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი ოჯახი? შემდეგ 20, 30, 50 წლის შემდეგ, რომ ცოლიც და ქმარის ასე არიან, რომ — დილით, რომ გაიღვიძებენ ღმერთს რომ მადლობას წირავენ და ერთმანეთის გახარებაში რომ არიან. დღის ბოლო, რომ დადგება და ცოლი რომ ქმარს ეტყვის — არ ვიცი, დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, საშინლად მოგექეცი, ყურადღება ვერ გამოვიჩინე და ქმარი რომ ეტყვის არაუშავს, ჩემი ბრალი იყო ეს.

ცოლს კი არ დაადანაშაულებს, არამედ საკუთარ თავს, რომ დაიდანაშაულებს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ეშმაკს არ უნდა — ღმერთს ეს ყველაფერი უნდა. ამიტომაც არის ოჯახი, სადაც ადამიანი ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს - ადამიანებს იმ ოჯახში გაჩერება აღარ უნდათ. ვეღარ ჩერდებიან და ოჯახიდან ერთი სული აქვთ გაიქცნენ, რადგან სამწუხაროდ ოჯახში ეს მდგომარეობა ადამიანებს არ აქვთ. ამაში არ არიან ადამიანები. არადა ოჯახი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანი ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს, უნდა მიეჩქარებოდეს ადამიანს ოჯახში, უნდა გარბოდეს თავის ოჯახში. ეს ოჯახური მდგომარეობა, რომ შექმნა ადამიანმა ეს არის დამოკიდებული შენზე. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს იაზრებს და ადამიანს უნდა, რომ ღვთის წინაშე იცხოვროს სწორად“, - ამბობს შალვა კეკელია