1750402427
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 20 ივნისის 11:00 საათიდანაა შესაძლებელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია, აუცილებელია მან წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)
11 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით. სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის იმ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).