როცა სრულად დასრულდება ყველა მონაკვეთი, 3 საათსა და 20 წუთში შევძლებთ ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობას - გზების დეპარტამენტი

რიკოთის გზა

სრულად როდესაც დასრულდება აღნიშნული სამუშაოები, მინდა დაგარწმუნოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა იქნება სრულად უსაფრთხო, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, როცა სრულად დასრულდება ყველა მონაკვეთი, უკვე 3 საათსა და 20 წუთში შევძლებთ ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობას.

„მთლიანობაში დასავლეთ-აღმოსავლეთი არის 460 კილომეტრი, სრულად რომ დასრულდება, იქნება 430 კილომეტრი. წითელი ხიდიდან სარფამდე ნაცვლად 8 საათისა ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით ოთხ საათ ნახევარი. როცა სრულად დასრულდება ყველა მონაკვეთი, უკვე სამ საათსა და 20 წუთში შევძლებთ ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობას.

მთლიანობაში ეს 52 კილომეტრია, საიდანაც 36 კილომეტრი რიკოთის მონაკვეთის დასრულებული და გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც პირველ მონაკვეთზე ასევე მეოთხე მონაკვეთის დარჩენილ 5 კილომეტრიან მონაკვეთზე. მეოთხე მონაკვეთის სრულად დასრულება უკვე მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, ასევე პირველი მონაკვეთის, მიუხედავად გამოწვევებისა. ფაქტობრივად, ჩვენ არსებულ გზასთან ერთად მუშაობა და რთული რელიეფისა და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რთული მონაკვეთია. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ვვარაუდობთ, რომ ეს პირველი მონაკვეთიც მიმდინარე წლისთვის დასრულებული იქნება და ჩვენ სრულად რიკოთის მონაკვეთის 52 კილომეტრიან მონაკვეთს უკვე წელს დავასრულებთ.

გამოწვევები, რაზეც იყო ლაპარაკი იყო მიმდინარე, თანმდევი სამუშაოების. წინა წელს მოხდა რიკოთის უღელტეხილის გარკვეული სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა, სადაც განვითარდა გარკვეული შესაძლო მეწყრული პროცესები. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, გავაკეთეთ შესაბამისი კვლევები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქ მეწყერი არასდროს განვითარებულა, ეს იყო შესაძლო მეწყრული პროცესის განვითარება. ახლა იქ მიმდინარეობს პროექტის შესაბამისი სამუშაოები, ეს პრობლემაც მოგვარდება. დანარჩენი რაც იყო, მცირე პროცესები მონაკვეთებზე, სამშენებლო სამუშაოების თანმდევი პროცესები იყო, ვინაიდან ჩვენ მთლიან რელიეფზე გვიწევდა მუშაობა და გარკვეული პროცესები ვითარდებოდა, რაც თანმდევია მსგავსი მასშტაბური პროექტების“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.