„ორჯერ გავაჩერე რეპეტიცია, ისე ცუდად გავხდი… ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დირიჟორობისას ცრემლი წამომივიდა…“ - დავით ცინცაძე

დავით ცინცაძე

რეკორდი მოხსნილია! პირველივე საათებში სანდროს და ოთოს „ჩაკრულოს“, რომელსაც დავით ცინცაძე სამართლიანად უწოდებს ფენომენალურს, ათასობით გაზიარება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მაყურებელი წერს, რომ სწორედ ეს არის ქართველობის ნამდვილი გამოხატულება და გენეტიკური კოდი, რომელიც არასდროს წაიშლება…

ფოლკლორის ტურის შემოქმედთან, დავით ცინცაძესთან fortuna.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და შთაბეჭდილებები პირადად მისგან მოისმინა.

რეპეტიციებზე თუ გქონდათ შეგრძნება, რომ თქვენ თვალწინ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იქმნებოდა?

სხვათა შორის, ჩაწერის დროს კიდევ არა მიშავდა, რეპეტიციებზე უფრო ემოციური გარემო შეიქმნა. „შავნაბადას“ გუნდს ცალკე ვასწავლიდი, ცალკე – დუეტს. შემდეგ გადავწყვიტე, ეს ორი ნაწილი გამეერთიანებინა ერთ რეპეტიციაზე. ერთ თვემდე დროში გაკეთდა „ჩაკრულო“. როცა დუეტი გუნდთან შევაერთე, დუეტმა ხომ თავისი ემოციით კიდევ სხვანაირად იმღერა, რადგან გუნდი იყო… და როგორც კი გუნდი ამღერდა, ცრემლი მომადგა, პირველად მოხდა, როცა დირიჟორობის დროს ცრემლი წამომივიდა. გავაჩერე რეპეტიცია. ჩემს თავზე გავბრაზდი, დავანახე, სხვა გზა არ იყო… შევტრიალდი, არ მინდოდა, ბავშვებს ჩემი ცრემლი დაენახათ… უცებ ამოვისუნთქე, გავაგრძელე რეპეტიცია და მეორედაც იგივე დამემართა. ორჯერ გავაჩერე გუნდის რეპეტიცია, რადგან ცუდად გავხდი. მერე, რეპეტიციაზე ისე მივეჩვიე ამ ემოციებს, მე თვითონ ვდუღდი, ცეცხლი მეკიდა კანზე… სცენაზე რომ დავდექით, ვიმღერეთ, რომ დააკვირდეთ კარგად გადაღებულ მასალას, თვალები მოჭუტული მაქვს, რადგან კვლავ ცრემლებით გამევსო… წყარო