„ორიგინალური, მაღალი რანგის შემოქმედი, ჭეშმარიტი ხელოვანი, იდუმალი და არაორდინარული...“- გარდაიცვალა ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე

მხატვარი ირაკლი სუთიძე

69 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელი ირაკლი სუთიძე. 

სამწუხარო ინფორმაციას, ირაკლი სუთიძის მეუღლე, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია, სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ცნობილი მხატვრის გარდაცვალებას კოლეგები და ახლობლები ეხმიანებიან:

„ირაკლი სუთიძე, ორიგინალური, მაღალი რანგის შემოქმედი, ჭეშმარიტი ხელოვანი, იდუმალი და არაორდინარული, განუმეორებელი, დიდი ქართველი მხატვარი, უზომოდ შეყვარებული, ოჯახზე,ადამიანებზე, მეგობრებზე, ბუნებაზე. 

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთის, აშშ -ის გალერეებში და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არაერთგზის ჰქონდა პერსონალური გამოფენები.

ირაკლი ძვირფასო, უდროოდ წახვედი, გული ძალიან მატკინე, დამიტოვე ბევრი თბილი მოგონება. განსაკუთრებით მიყვარდი ნათესავებში. Ketevan Kordzakhia გისამძიმრებ შენ და გუგას დიდი გულის ტკივილით.

ვწუხვარ, რომ ვერ მოვინახულე, ამას მაინც არ ველოდი. ნათელშია ჩვენი უსაყვარლესი ირაკლის სული. დამახრჩო ცრემლებმა, ვეღარ ვაგრძელებ,“ - წერს მანანა გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი სუთიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური გრაფიკის მიმართულებით.

1983-1986 წლებში მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში; მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999;

„შეეხე საქართველოს“, გერმანიის განვითარების ბანკი, კელნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015; და სხვ.); ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის მუზეუმებსა და გალერეებში: ეროვნული მუზეუმი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; გალერეა „ელექტრა“, საუსალიტო, აშშ; ნიკოლა სტრონახის გალერეა, ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია და გერცევის გალერეა, მოსკოვი რუსეთი.

აგრეთვე კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ჰაიტი, ნიდერლანდების სამეფო, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი, ესპანეთი, შვეიცარია, აშშ, იტალია, ავსტრია, კორეა, ირლანდია, აზერბაიჯანი, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.