1751921238
მიხეილ სარჯველაძემ პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

პარამედიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, რუსთავის რაიონული სამსახურის პარამედიკოსებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო პერსონალს, სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში. მისივე განმარტებით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ზრუნვას ცენტრის პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონული სამსახურში, 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის - 20 პარამედიკოსი.
პარამედიკოსთა მომზადების პროექტი, ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან დაიწყო და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.