მავნე ცხიმი მარგარინში - არის თუ არა ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში

მარგარინი

მარგარინი, სპრედი, სამარხვო კარაქი - ამ სახელწოდებებით ფერადი შეფუთვები გვპირდებიან: ომეგა 3-ს, დაბალ ქოლესტერინს, მცენარეულობას, მაგრამ ის ორგანიზმში სულ სხვა შედეგებს იწვევს.

მსოფლიო ბაზარზე მცენარეული მყარი ცხიმის დიდი არჩევანია და დიდია კითხვის ნიშანიც - რამდენად ჯანსაღია ეს პროდუქტი.

გასულ საუკუნეში, სპრედი, კარაქის იაფფასიანი ვერსიის იდეით შეიქმნა, მცენარეული ზეთის გადამუშავების და გამყარების ფორმულით, შემდეგ ჯანმრთელობაზე შეტევის უხილავ იარაღად იქცა, გააჩინა ეჭვები და დაიწყო კვლევები.

საქართველოს ბაზარზე არსებული მარგარინების ბოლო კვლევა momxmarebeli.ge-მ ჩაატარა.

საკვლევი სურსათი შემთხვევითი პრინციპით შეირჩა, როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე ზომის ჯიხურებში. ნიმუშები თურქეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა. შედეგი ასეთია - საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მასში ლაბორატორიული კვლევისას დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი - ანუ ქიმიური გადამუშავებისას წარმოქმნილი მავნე ცხიმი აღმოჩნდა.

საეჭვო პროდუქტი საქართველოში ამ დროისთვის გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ სხვა მწარმოებლის და სხვა შეფუთვით, იმპორტირებული თუ ადგილზე წარმოებული, ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევამ მათში ტრანსცხიმების ჭარბი რაოდენობა არ დაადგინა, მათ სიჯანსაღეში ეჭვი შეაქვთ სპეციალისტებს.

არაჯანსაღი პროდუქტი არასასურველი სტუმარია ადამიანის ორგანიზმისთვის. ექიმებს ვრცელი ჩამონათვალი აქვთ - რას იწვევს ტრანსცხიმები.

მიუხედავად რისკებისა, თუ არჩევანს მაინც სპრედზე ვაკეთებთ, სასურველია გავეცნოთ ეტიკეტს.

თუ უარს ვამბობთ მარგარინის მოხმარებაზე, ფრთხილად უნდა ვიყოთ საცხობებსა და საკონდიტროებში ნაყიდ პროდუქტებთან. სწორედ ასეთი ობიექტები, იაფი გამოსავლის მიზნით, კარაქის ალტერნატივად მცენარეულ ცხიმს იყენებენ.

საუკეთესო გამოსავალი კი, საეჭვო ცხიმების ჯანსაღი ცხიმებით ჩანაცვლებაა.