კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

22 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის - „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“ - წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ. გამოცემის შესახებ ისაუბრა თავად ავტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

წიგნის რედაქტორია პოეტი, მთარგმნელი, დიპლომატი და ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა, რეცენზენტი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია წერეთელი.

გამოცემა შედგება თხუთმეტი ნარკვევისგან, რომელიც ჟანრობრივი თვალსაზრისით ახლოსაა ესეისტური ტიპის პუბლიცისტიკასთან. თუმცა მათი უმეტესობა მოცულობითა და შინაარსობრივი დატვირთვით ესეს ფორმატს სცდება და კვლევას უახლოვდება.

„წიგნი ეძღვნება იმ წარმატებებს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან და განმტკიცებასთან ერთად ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე მოიპოვა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეროვნული სახელმწიფოს ახალი ტიპი და საერო-ზეპური, სეკულარული კულტურა სწორედ ევროპული განმანათლებლობის შედეგია. იგი თავისთავად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ნარკვევებში განხილული ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხები დაეხმარება მკითხველს წარსულისა და მისგან გამომდინარე აწმყოს მნიშვნელოვანი ტენდენციების გაგებაში“, - ვკითხულობთ წიგნის ავტორისეულ წინათქმაში.