კლინიკიდან გამოწერეს „ქრონიკის“ ჟურნალისტი, რომელიც გუშინ აქციაზე ჭყლეტისას დაშავდა

„ქრონიკის“ ჟურნალისტი

„ქრონიკის“ ჟურნალისტი, რომელიც გუშინ ღამით აქციაზე დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ქრონიკასთან“ ლინა პოღოსოვამ გაიხსენა, აქციის მონაწილეები აგრესიულები „იმედის“ მიკროფონის დანახვის გამო გახდნენ.

„მიკროფონის დანახვისთანავე მათ [აქციის მონაწილეებმა] დაიწყეს აგრესიული მომართვა და ძალადობრივი ქმედებები. გვაწვებოდნენ სპეციალურად და გვიყვიროდნენ, რომ ჩვენ ვართ მონები და რუსეთს ვემსახურებოდით. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა გაწია კამერა იმისთვის, რომ მათი სახეები ეჩვენებინა, გვთხოვეს, რომ კამერა გაგვეწია და არ გადაგვეღო მათი სახეები. დავინახე პოლიტიკური ლიდერები და ვაპირებდი მისვლას, რა დროსაც ატყდა უფრო დიდი შემოძახილები და ვგრძნობდი, რომ სპეციალურად მაწვებოდნენ ყელში იდაყვით და არ მიშვებდნენ, რომ მივსულიყავი და ვინმე ჩამეწერა, რადგან პირდაპირ ეთერში ვიყავით. ვგრძნობდი ასევე გვერდებიდან მოჭერას, დამცინავ ტონს. როდესაც პოლიციამ სკამზე დამსვა, წინ ჯებირი გამოარღვია ერთმა ადამიანმა და პოლიციელს ეუბნებოდა, ვის იცავ, არ იცი რას აშუქებსო? ის, რომ შეიძლება გქონდეს განსხვავებული აზრი, არის მათთვის მიუღებელი“, - აცხადებს ჟურნალისტი.

ჟურნალისტი გვიან ღამით კლინიკაში მუცლისა და გულმკერდის, ნეკნებისა და მუცლის ღრუს არეში ძლიერი ტკივილით შეიყვანეს.