ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიის ღვინის მაღაზიათა ქსელებში აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო

 ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის FF.K Public Relations-ის ორგანიზებით, გერმანიაში, ღვინის საცალო გაყიდვების ქსელებში ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

"მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

გერმანიის ღვინის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის მაღაზიათა ქსელის Jacques Wein Depot 300-ზე მეტ მაღაზიაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეში.

ამასთან ერთად, კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის ონლაინ-თარო და სპეციალური გვერდი ჩაეშვა HAWESKO-ს ონლაინ-მაღაზიაში. კომპანია HAWESKO Holding გერმანიაში ყველაზე დიდი და პრესტიჟული რითეილერია პრემიუმ ღვინოების კატეგორიაში, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო  2023 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანიის პორტფელში ქართული ღვინოების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

მომხმარებელზე ორიენტირებული აღნიშნული კამპანია, კიდევ უფრო გააქტიურდება შემოდგომიდან, როდესაც ტრადიციულად იზრდება ღვინის გაყიდვები: ზემოთ აღნიშნულ კომპანიებთან ერთად (HAWESKO, Jacques Wein Depot), ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება ისეთ პოპულარულ ქსელებსა და იმპორტიორი კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა  Mack & Schule, Interpartner, Rindchen-ს და სხვა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტო  2021 წლიდან თანამშრომლობს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გარდა ზემოთ აღნიშნული აქტივობებისა,  მიმდინარე წელს, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო  წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.