17 სექტემბერს, 12:00 -დან 20:00 საათამდე, თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - იმოქმედებს ალტერნატიული სქემა

გზა ფერდის ჩამოშლა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და 17 სექტემბერს, თბილისში შემომსვლელ მძღოლებს აფრთხილებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხვალ, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყება მძღოლებს შეზღუდვის პერიოდში ალტერნატიულ სქემას სთავაზობს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ16 მონაკვეთზე (თბილისის შემოსასვლელი), მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები,

ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 17 სექტემბერს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოხდება ალტერნატიული სქემით:

სენაკი–თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლით გზაზე, ზაჰესის მიმართულებით.

მცხეთიდან–თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაერთვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის თბილისი–სენაკის მიმართულებაზე, შემდეგ კი თბილისის შემოვლით გზაზე, ზაჰესის მიმართულებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ გადაადგილების ზემოაღნიშნული დროებითი ცვლილება.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.