ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბრიტანელი სტუდენტის ოჯახი თბილისში იმყოფება - გოგონა მალე ბავშვს გააჩენს | საქმის ახალი დეტალები

keli

თბილ­ისის აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დაკავებული 19 წლის ბრიტანელი სტუდენტის, ბელა მეი კალის საქმეზე ახალ დეტალები ხდება ცნობილი.

ბრიტანული გამოცემა DailyMail-ის ცნობით, დაკავებულთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია და ოჯახს სამი კვირა აქვს, რათა 215 000 ფუნტი სტერლინგი მოაგროვოს და გოგონა ციხიდან გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, ბელა კალი ორსულია და, სავარაუდოდ, შობისთვის იმშობიარებს.

თბილ­ისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას ბელა კალის ბებიაც ესწრებოდა.

მისი დედა, 44 წლის ლიან კენედი და მამა, 49 წლის ნილ კალი, აცხადებენ, რომ თანხის შეგროვებას ყველანაირად ცდილობენ, თუმცა ეს ძალიან რთულია.

ბელას ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას თქმით, საპროცესო შეთანხმება მიღწეულია და ოჯახი ამჟამად თანხების მობილიზებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ  გამოძიება ბრიტანეთის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვასა და გასაღებას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს).

ბრალდების თანახმად, 11 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ნარკოტიკები ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.