მაზლი და ყოფილი ქმარი ქალს მოკვლით და სახლის გადაწვით დაემუქრნენ - სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯა

zaladoba

ძმები ქალს მოკვლით და სახლის გადაწვით დაემუქრნენ. მათგან ერთ-ერთი ძმა, ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული იყო სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობის გამო.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, ძმები რუსთავში ჩავიდნენ ქალის მოსაძებნად. დაუკავშირდნენ ტელეფონით, ახალი საცხოვრებელი სახლის მისამართი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ და დამარხავდნენ. ახალ ბინას კი დაუწვავდნენ. 

დაზარალებული ქალი ერთ-ერთი ძმის ყოფილი მეუღლეა.

პროკურორმა სალომე ქემაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ქალს თავდაპირველად ყოფილი მაზლი დაუკავშირდა:

,,გ. ხ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავისი ძმის ყოფილ მეუღლე და ჰკითხა, სად იმყოფებოდა, მან კი უპასუხა, რომ ეს არ იყო მისი საქმე. აღნიშნულით გაღიზიანებულმა გ. ხ-ემ, გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის ქცევის კონტროლით განპირობებული მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, კერძოდ, უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა. აღნიშნულის გამო დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.'' - განაცხადა პროკურორმა პროცესზე.

ამის შემდეგ, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ქალს ყოფილი ქმარი დაუკავშირდა:

,,ბ. ხ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლე და ჰკითხა, სად იმყოფებოდა, რა დროსაც, გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის ქცევის კონტროლით განპირობებული მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უთხრა, რომ, თავისი ძმის, გ. ხ-ის მსგავსად შეუსრულებდა დანაპირებს და მასთან ერთად მოკლავდა. აღნიშნულის გამო დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.''

სასამართლომ ძმებს პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილ ქმარს 1 წელი, ხოლო ყოფილ მაზლს - 6 თვე.