გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

გახარია

 ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბრალი ოფიციალურად დაუსწრებლად უკვე წარედგინა. პროკურატურამ დაცვის მხარეს გადასცა შესაბამისი მტკიცებულებებიც.

ექსპრემიერს ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მისთვის აღმკვეთის ღონისძიებაზე, ასევე დაუსწრებლად, სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ სისხლის-სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ გუშინ გააკეთა. უწყების ინფორმაციით, საქმე 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.

"ეს არის პირდაპირი ფორმით შეთითხნილი ბრალი, რომელიც ადასტურებს ერთადერთ გარემოებას - პოლიციის მინისტრს, რომლის უფლებამოსილება იყო საგუშაგოს განთავსება და, მათ შორის, ამ ტერიტორიაზე კონკრეტული პატრულირება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კონკრეტული ფუნქცია - ამას ედავება ზუსტად იგივე ფორმით, რა ფორმითაც ამას აკეთებდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და, სამწუხაროდ, დღეს უკვე ქართული პროკურატურა. ეს არის ბრალდება, რომელიც პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, არ დარჩება," - განაცხადა გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ.