„გამოძიება იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში“ - სუსი ანა ნადარეიშვილზე

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ახალაიასთან ერთად, დაკავებული იყო მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

სუსის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის თქმით, მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს გამოძიება იღებდა თუ არა მონაწილეობას მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში ანა ნადარეიშვილი.

„რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანნა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.

ანნა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე - მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანნა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადეს ბრიფინგზე.