სუსი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული

სუსი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ პროკურატურის განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული რვა პირიდან დაკავებული არავინ არის.

„ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ, გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, - განაცხადეს სუსში.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების-სახლების და პირადი ჩხრეკები.