1762805268
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ 16 წლის მოზარდს ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა - შემთხვევა გარდაბანში სოფელ ვახტანგისში ორი დღის წინ მოხდა, დანაშაულის მოტივად მოზარდის მამაზე ანგარიშსწორება სახელდება
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ 16 წლის მოზარდს ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა - შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ვახტანგისში, ორი დღის წინ მოხდა. დანაშაულის მოტივად მოზარდის მამაზე ანგარიშსწორება სახელდება. გამოძიებით დგინდება, რომ საზღვარგარეთ მყოფმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ელმურაზ მამედოვმა, გარდაბანში მცხოვრები ფერმერის შვილზე თავდასხმა შემსრულებლებს მას შემდეგ დაუკვეთა, რაც დაზარალებულმა ახმედ ალახვერდიევმა შავი სამყაროსთვის 200 ათასი დოლარის გადახდაზე უარი თქვა.
თავდასხმაში ბრალდებულ ორ პირს - თემურ ხალილოვსა და ნათიკ ისმაილოვს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორივე თავდამსხმელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებს სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ, თქვეს მხოლოდ ის, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულების ადვოკატები კომენტარს არ აკეთებენ, ბრალდების მხარე კი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არაერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება დევს.
გარდაბნის რაიონში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ერთადერთი საქმე არ არის, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის, სახელს უკავშირდება. კრიმინალური სამყაროს აზერბაიჯანული კლანის წარმომადგენელი საქართველოში წლებია არ იმყოფება. მისი დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ერთ-ერთმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაც აღიარა.
გარდაბანში მომხდარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს, ელმურაზ მამედოვს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი და წითელი ცირკულარით იძებნება.










