წყალტუბოში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მუნიციპალიტეტის მერთან, გენადი ბალანჩივაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

წყალტუბო

პროექტი შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შეიცვალა სახურავი, განახლდა გარე ფასადი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა და გამწვანდება ეზო. სამუსიკო სასწავლებელი 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. ,,იმერეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ამის კარგი მაგალითია წყალტუბოში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია. მოსწავლეებს, რომლებიც აქ ეუფლებიან სამუსიკო ხელოვნებას , სრულიად კომფორტულ გარემოში მოუწევთ სწავლის გაგრძელება.“- განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 780 000 ლარს შეადგენს. რეაბილიტირებულ შენობაში სამომავლოდ სამხატვრო სკოლისა და ბიბლიოთეკის განთავსებაც იგეგმება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელსაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. სამუსიკო სასწავლებლის გარდა, მიმდინარე წელს, ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში. აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 870 000 ლარია გამოყოფილი.