ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად გენო მორჩილაძე, ხოლო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი დაინიშნენ

ოზურგეთი

 ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად გენო მორჩილაძე, ხოლო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი დაინიშნენ.

როგორც ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ აღნიშნა, გენო მორჩილაძე და ნატალია ხომერიკი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და ისინი სწორედ ამ ნიშნით იყვნენ შერჩეულები აღნიშნულ პოზიციებზე.

„ბატონი გენო მორჩილაძის კარიერა მოიცავს მრავალწლიან გამოცდილებას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ის არის სამართლის მაგისტრი და საჯარო მმართველობის აკადემიური დოქტორი. გენო მორჩილაძე საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. არის პასუხისმგებლიანი და გამოირჩევა მენეჯერული თვისებით.

ქალბატონი ნატალია ხომერიკი არა მარტო თავისი საქმის პროფესიონალია, არამედ ჩვენი ქალაქის კოლორიტი გახლავთ. ქალბატონმა ნატალიამ დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. იგი იყო კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ საჯარო სამსახურში - კულტურის განყოფილების უფროსი. ქალბატონი ნატალია 2014 წლიდან მუშაობს საჯარო სამსახურში, სხვადასხვა პოზიციებზე. მას აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება კულტურის სფეროში და დღეიდან შეუდგება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მიმართულებაზე მუშაობას.

ვუსურვებ მათ ახალ პოზიციებზე ნაყოფიერ მუშაობას და ჩვენი ქალაქისთვის მეტი სიკეთის მომტანი საქმეების კეთებას.“ - განაცხადა პაატა კუნჭულიამ.

გენო მორჩილაძის და ნატალია ხომერიკის წარდგენას მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.