ნინო ლაცაბიძემ თურქმენ პარლამენტარებს რუსთავში განხორციელებული წარმატებული რეფორმები გააცნო

ლაცაბიძე

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე თურქმენეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოს USAID-ის პროგრამის - „მმართველობის მხარდაჭერა თურქმენეთში“ ფარგლებში სტუმრობენ. შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილეები, სამსახურებისა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნინო ლაცაბიძემ თურქმენ პარლამენტარებთან შეხვედრა მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში გამართა. ქალაქის მერმა დელეგაციის წევრებს, რუსთავში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგები და ქალაქის ახალი განვითარების გეგმები გააცნო.
,,თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას ვუმასპინძლეთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, გავცვალეთ რეფორმების განხორციელების ის წარმატებული მაგალითები, რომელიც რუსთავში გვაქვს, ასევე ადგილზე ნახეს ყველა ის პროექტი რომლის განხორციელებაც ჩვენ რუსთავში შევძელით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავში განხორციელებული რეფორმების და ახალი პროექტების წარდგენის ფორმატში, თურქმენეთიდან სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულმა პარლამენტარებმა რუსთავის ახალი მედიათეკა და სპორტის სასახლეც დაათვალიერეს.

დღის ბოლოს კი თურქმენეთის პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მეჯლისის რამდენიმე კომიტეტს წარმოადგენდნენ, რუსთავის ცენტრალური პარკი და რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის“ საფესტივალო სივრცეც დაათვალიერეს.

თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას, რუსთავში ვიზიტამდე, ოფიციალური შეხვედრა, საქართველოს პარლამენტშიც ჰქონდა, სადაც მეჯლისის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი შეხვდა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.