1748980445
კახეთში 33 მგვ-ი სიმძლავრის „სტორი 1“ - ჰესის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

კახეთში, მდინარე სტორზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „სტორი - 1“ - ის სამშენებლო სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი გაეცნო. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 33,6 მგვტ, წლიური გამომუშავება - 150 მლნ. კვტ. სთ, ხოლო საპროექტო ინვესტიცია 44,85 მლნ. აშშ დოლარი. სადგური 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ჯუბო ტურაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ სადგურისა და სადერივაციო გვირაბის, აგრეთვე სხვა ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეებია დასაქმებული. ამ მიზნით, ინვესტორმა კომპანიამ ადგილობრივი პერსონალის გადამზადების/დატრენინგების პროგრამები დააფინანსა.
„საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. სტორი 1- ჰესის მშენებლობა ამის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი სადგურების ექსპლუატაცია პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებასთან და რაც მთავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასთან. საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან გვაახლოებს,“ - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „სტორი 1“ - ის ინვესტორი კომპანია ასევე ახორციელებს სოციალურ პროექტებს სადგურის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლეჩურში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანია სოფლის მცხოვრებლებს მძიმე ტექნიკით სხვადასხვა ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე მატერიალურ მხარდაჭერას უჭერს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვ.