როგორ ვიკვებოთ მარხვის შემდეგ – დიეტოლოგის რჩევები

ქართული სუფრა

აღდგომისწინა მარხვა ყველაზე ხანგრძლივია – ის შვიდ კვირას გრძელდება. ბევრი მას მკაცრად იცავს. მარხვის შემდგომ პერიოდში სწორედ ზომიერების დაცვაა აუცილებელი, მით უფრო, რომ მარხვის უკანასკნელი კვირა ყველაზე მკაცრია.

ზომიერების პრინციპის დაცვა, გარდა იმისა, რომ წმინდა ზნეობრივი კუთხით არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია დიდი მარხვის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოც.

კვების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ გართულდეს, დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ.

თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რათა ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.

ავადმყოფებს ადაპტაციისთვის 2-3 კვირა სჭირდებათ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საკვები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული.

იდეალურ შემთხვევაში ცხოველური სურსათის მიღება რძის ნაწარმით უნდა დავიწყოთ.

ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველიც.

შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მარხვის შემდეგ პირველ დღეებში უფრო მძიმე მოსანელებელი იქნება.

როდესაც სააღდგომო სუფრაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით კვერცხს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

არაერთხელ გვსმენია და თავადაც გამოგვიცდია, რომ სააღდგომო კვერცხს განსაკუთრებული გემო აქვს.

მიუხედავად ამისა, მარხვის შემდეგ მისი მიღება უნდა შეიზღუდოს – ხსნილის პირველ დღეებში თითო კვერცხზე მეტი არ უნდა მივირთვათ, ვინაიდან კარგად მოხარშული კვერცხი საკმაოდ ძნელი მოსანელებელია.

არამც და არამც არ შეიძლება მარხვის დასრულებისთანავე ცხიმიანი ხორცის (შემწვარი გოჭის, ღორის ხორცის, ლორის, ცხვრის ხორცის) მიღება.

უმჯობესია, დავიწყოთ ქათმის, ინდაურის ან საქონლის მჭლე მოხარშული ხორცის პატარა ნაჭრით. არც ცხიმიანი თევზია სასურველი.

საზოგადოდ, უმჯობესია, ხსნილის პირველ დღეებში არასამარხვოკერძებიდან მხოლოდ კვერცხი, კულიჩი და პასკა მივირთვათ, ისიც ზომიერად.

მხოლოდ მესამე დღეს შეიძლება, თავს ხორცის მიღების უფლება მივცეთ. მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

ეს რჩევა განსაკუთრებით ხანში შესულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება. კატეგორიულად არის აკრძალული ალკოჰოლის ჭარბი მიღება.