„ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ... - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას:

- ბოლო პერიოდში ხელებში დაბუჟების შეგრძნება საკმაოდ გამოხატული გახდა. მიუხედავად იმისა, რა დიაგნოზი აქვთ, თითქმის ყოველთვის, როდესაც პაციენტებს ხელებში დაბუჟების შეგრძნება აქვთ, თუნდაც ეს იყოს კოვიდის შემდგომ, კოვიდის დროს ან მის გარეშე, ყოველთვის ჩატარებული აქვთ D-დიმერის, პროთრომბინის რაოდენობისა და დროის განმსაზღვრელი ტესტი, კოაგულოგრამა და ასე შემდეგ.

როგორ უნდა მიხვდეთ, ხელებში დაბუჟების შეგრძნება თრომბოზის გამო გაქვთ თუ სხვა რა მიზეზია?

როდესაც კიდურებში წვის, დაბუჟების, ჩხვლეტის, ქავილის შეგრძნება გაქვთ, ამ ყველაფერს ექიმები პარესთეზიას ვეძახით, რაც მგრძნობელობის დარღვევას ნიშნავს. როგორც წესი, ის შემთხვევათა ძალიან დიდ ნაწილში გარდამავალია და გარკვეული დროის მერე აღარ შეგვაწუხებს. ამ პრობლემამ თავი განსაკუთრებით კოვიდის დროს იჩინა. ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია, თრმობით ხომ არ არის გამოწვეული. როგორც წესი, კიდურებში დაბუჟების შეგრძნება არის შედეგი მდგომარეობისა, რომელსაც ჰიპერვენტილაციის სინდრომი ჰქვია. როდესაც კოვიდი გიდასტურდებათ, იმის გამო, რომ ნერვიულობთ, ნერვული სისტემა გერთვებათ და სუნთქვას ახშირებთ. სუნთქვა როგორც კი 20-ზე მეტს გასცდება წუთში, იმაზე მეტ C2-ს ამოისუნთქავთ, ვიდრე ნორმალურია. ამის გამო სისხლი ძალიან ტუტიანდება, თავისუფალი კალციუმის რაოდენობა ქვეითდება და სწორედ ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. არაფერი გაქვთ საპანიკო. ეს კალციუმის რაოდენობის დროებითი დაქვეითების შედეგია, რასაც არანაირი ჩარევა არ სჭირდება. ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ არც D-დიმერის და არც პროთრომბინის რაოდენობის განსაზღვრა. საკმარისია დამშვიდდეთ და დაბუჟების შეგრძნებაც თავისით ალაგდება რამდენიმე დღეში.

მაგრამ, რა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც დაბუჟების შეგრძნება ხანგრძლივი დროით აქვთ? თუ ხელები ან ფეხები გიბუჟდებათ, უნდა შეამოწმოთ:

პირველი შაქრიანი დიაბეტია. ეს არის წამყვანი მიზეზი ხელებისა და ფეხები ქრონიკული დაბუჟების. დილით, უზმოზე და საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ გადაამოწმეთ სისხლში გლუკოზის რაოდენობა. თუ შაქრიან დიაბეტს გამორიცხავთ, შემდეგი ეტაპი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაა. როგორც კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაითრგუნება, ასევე ვითარდება დაბუჟების შეგრძნება. ფარისებრი ჯირკვლის უკან გვაქვს 4 ჯირკვალი, რომლებიც ჩვენს სხეულში კალციუმის რაოდენობას არეგულირებენ. თუ ეს ჯირკვლები თავის ფუნქციას ვერ შეასრულებენ, როგორც კი შემცირდება კალციუმის რაოდენობა, შეიძლება დაბუჟების შეგრძნება გქონდეთ. თუ ამ ყველაფერს გამორიცხავთ და ისევ გაქვთ დაბუჟების შეგრძნება, მაშინ, როგორც წესი, ამას მედიკამენტები იწვევენ. შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ, მაგრამ წნევის დამწევი წამლები დაბუჟების შეგრძნებას განაპირობებენ. ასევე, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც ხანგრძლივად სვამთ. თუ ისევ გრჩებათ დაბუჟების შეგრძნება და უკვე ჩამოთვლილი მიზეზები გამორიცხეთ, როგორც წესი, ის შეიძლება გამოწვეული იყოს 2 ძალიან ცნობილი ვიტამინის ნაკლებობით. ესენია: ვიტამინი B6 და B12. ორივეს შევსება ნორმალური კვებით შეიძლება. B12 ხორცში, ხოლო B6 მცენარეებშია ძალიან ბევრი. თუ ვიტამინები ნორმაში გაქვთ და მაინც გრჩებათ დაბუჟების შეგრძნება, მაშინ გაიხსენეთ, ხომ არ იღებდით ანტიბიოტიკებს. თუ ესეც გამორიცხეთ, მაშინ მძიმე მეტალების ვერსია რჩება, მათ შორის, ვერცხლისწყალი ასევე იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. ვერცხლისწყალი ჩვენ გარშემო ძალიან ბევრგანაა და ჩვენ მისით ვიწამლებით. თუ ესეც გამოირიცხა, მაშინ დაბუჟების შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს ძალიან იშვიათი დაავადებებით, როგორებიცაა, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი, სპინალური სტენოზი, თიაქრები და ასე შემდეგ. ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ კოვიდის პერიოდში დაბუჟების შეგრძნება გაქვთ, ის თრომბოზს არ დაუკავშიროთ. თრომბოზი ვითარდება არა ყველა პაციენტში, არამედ იმ ადამიანებში, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წვანან. აქიდანაც მხოლოდ 3%-ს უვითარდება თრომბოზი.

შემთხვევათა 90%-ში თრომბოზი ქვედა კიდურებში ვითარდება და როგორც წესი, ცალმხრივია და ერთს დააზიანებს, ერთს - არა. შედარებაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ თრომბოზი ხელებში გივითარდებათ, შეადარეთ და დაინახავთ, რომ როგორც წესი, ერთ-ერთი გასივდება, შუშუპდება, ფერს შეიცვლის და უფრო იისფერი გახდება. გარდა ამისა, იქნება მტკივნეული. როგორც კი ამ ნიშნებს დაინახავთ და ამის მერე, თუ გაგიძნელდებათ სუნთქვა, გექნებათ ტკივილის შეგრძნება გულ-მკერდში, თავბრუსხვევის განცდა, აგიჩქრდებათ გულისცემა და სუნთქვა ან გექნებათ სისხლიანი ხველა, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.