"ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს" - შალვა პაპუაშვილი 20 ივნისის საქმეზე

პაპუაშვილი

"ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ 20-21 ივნისის მოვლენები იყო შტურმი პარლამენტზე.

"სტრასბურგის სასამართლოსგან გვაქვს ორი მოცემულობა: ერთი - დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა, აბა პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს. აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული იმაში, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ევროკავშირს, ბრიუსელს აქვს გადახდილი ნიკა მელიას გირაო, იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. მეორე - კანონიერ საზღვარს გამცდარი აქციის დაშლის ოპერაცია. ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული," - განაცხადა პაპუაშვილმა.