ზურაბ ქადაგიძე: პაველ ჰერჩინსკის აღიარება ყველაფერს ნათელს ჰფენს: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყდა არა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, არამედ - ხუთი თვით ადრე!

ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ წერილს, რომელიც „რუსთავი 2-მა“ ექსკლუზიურად მოიპოვა და რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, სადაც ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, პაველ ჰერჩინსკის აღიარება ყველაფერს ნათელს ჰფენს: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყდა არა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, არამედ - ხუთი თვით ადრე.

„ევრობიუროკრატიის ფარისევლობა ბოლომდე გაიშიფრა.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის აღიარება ყველაფერს ნათელს ჰფენს: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყდა არა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, არამედ - ხუთი თვით ადრე!

ანუ, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიმართლეს ხმამაღლა იტყოდა, „ევროპელი პარტნიორები“ ჩუმად იღებდნენ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და თან ქართული საზოგადოებისთვის სხვა რამის შესაღებას ცდილობდნენ.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ბრიუსელის ბიუროკრატიის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ თავიდან ბოლომდე ფარსი იყო.

წლების განმავლობაში გვაჯერებდნენ, თითქოს საქმე საქართველოს მხრიდან ვერაგ ნაბიჯებში იყო, თითქოს ჩვენ ვიშორებდით ევროპულ გზას...

სინამდვილეში კი, ევროკავშირის შიგნით უკვე მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება და უბრალოდ ეძებდნენ საბაბს - როგორ გადმოებრალებინათ ყველაფერი საქართველოზე.
ეს არის კლასიკური ინსინუაციური კამპანია:

ჯერ იღებენ ფარულ გადაწყვეტილებებს, მერე ბრალს სდებენ სხვას „არაევროპულობაში“, ბოლოს კი ცდილობენ მორალური უპირატესობის დემონსტრირებას.

ესაა ფარისევლობა და ევროპული ბიუროკრატიის ცინიზმი.

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო სრულიად სწორი და პრინციპული პასუხი ამ ფარსზე.
ის არ დამალულა დიპლომატიური ეტიკეტის უკან, არამედ, ხმამაღლა თქვა, რაც რეალურად ხდებოდა:
ევროკავშირმა საქართველოს მიმართ პარტნიორობა ფიქციად აქცია, ხოლო პოლიტიკური ზეწოლა - ყოველდღიურ პრაქტიკად;

საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა - სხვისი ექსპერიმენტების პლატფორმა.
ჩვენ პრინციპულად არ უნდა გავუწიოთ ანგარიში ბიუროკრატებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის რეალურ პრობლემებს ვერ აგვარებენ და ენერგიას საქართველოს მორიგი „სასჯელის“ დაგეგმვაზე ხარჯავენ.

დღეს, როცა ევროკავშირის ელჩი თავად აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ ზაფხულში შეჩერდა, სრულიად ლოგიკურია შეკითხვა:

თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ აგრძელებენ საქართველოს „პარტნიორული პროგრესის შეფასებას”?

რატომ ატყუებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი „საქართველოს ხელშია“?
საქართველოს გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატულ ცინიზმზე ბრმად მორჩილებას.
ეს ნიშნავს - ღირსებას, გადაწყვეტილებების თავისუფლებასა და ხმამაღალ უარს ფარსზე.

ფარისევლობა ევროპის სახელით დასრულებულია.

გმადლობთ... ნახვამდის!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.