ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
თვითმმართველობის არჩევნები და ევროპელი დეპუტატების მოწოდება - როგორია პარტიების პოზიცია და ვინ როგორ გაიგო ჩანაწერი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში, რომ ოპოზიციამ 4 ოქტომბერი, როგორც შესაძლებლობა, ისე უნდა გამოიყენოს - ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება მწვავდება.
"ლელო" და გიორგი გახარიას გუნდი მიიჩნევენ, რომ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობის" და "კოალიცია ცვლილების" წევრების პოზიციები.
"ერთობა - ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ითამაშებენ ყველანაირ როლს, რათა თვითმმართველობის არჩევნები არ შედგეს.
"ეს იკითხება ცხადად და ინტერპრეტაციის საშუალება სხვასაც არ უნდა ჰქონდეს, რომ, როგორც ქუჩის პროტესტის დროს ერთიანობით, ჩვენ შევძელით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ზუსტად ასე, ერთიანობით უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ერთიანი პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია ე.წ. არჩევნების ბოიკოტთან.
როცა ვეუბნებოდით გვეკამათა, გვეუბნებოდნენ, რომ ახლა ამის დრო არ არისო და როცა გვაუქმებენ, გვიჭერენ, მერე მოგვადგნენ, რომ თბილისი მოსაგებია. ვითამაშებთ ყველანაირ როლს, რომ არ შედგეს ეს არჩევნები, ან ვერ შეძლონ სხვა პარტიებმა იქ გასვლა, სერიოზული მორალური პოლიტიკური პრობლემები შეექმნათ, ან თუ შევლენ, უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოთ," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.
გიორგი გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ გადაწყვეტილებებზე არავითარ მოწოდებას თუ მუქარას გავლენა არ აქვს.
"ჩვენს გადაწყვეტილებებზე არავის არათუ მუქარას, მოწოდებას, ბულინგს არანაირი გავლენა არ აქვს. მოვუწოდებთ კიდეც მათ, რომ თავი შეიკავონ, მეტისმეტია უკვე ლანძღვა-გინება, ნამდვილად არ არის მისასალმებელი. მიღებული გვაქვს უკვე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპარლამენტის ნებისმიერ განცხადებას და რეზოლუციას, ჩვენ მათი არც შეხსენება და არც მოწოდება არ გვჭირდება," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტარების მოწოდება არის კიდევ ერთი მცდელობა, საქართველოს გარედან მართული ხელისუფლება ჰყავდეს.