ველოდები აშშ-ის საელჩოს განმარტებას, მოეხსნა თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს სანქცია - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ დღემდე მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სანქციები, გვახსოვს, მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს.

„რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, მასზე დღემდე მოქმედებს აშშ-ის საელჩოს სანქცია. გვახსოვს ჩვენ რომ მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებაზე. შემდეგ გველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, როდესაც სტუმარი მასპინძელ ქვეყანაში, უბრალოდ ეტიკეტსაც არ სცემ პატივს, რომ შენ ხარ სტუმარი, მასპინძელთან მიდიხარ და სთხოვ ანგარიშს, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს, ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან, გახადეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი ის, მისი ოჯახი, ვინმემ მოიკითხა როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში? ვინმეს საერთოდ ადამიანები აინტერესებს როდესაც ასე ინსტრუმენტალიზირება ხდება. აქაც ველოდები ამერიკის საელჩოსგან გააკეთონ განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს? თუ ეს სანქციები კვლავ ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ და მეორე, რას ეფუძნებოდა მაშინდელი რეაქცია აშშ-ის ყოფილი ელჩისა, როდესაც თავს დაესხა ქართულ მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობდა. გახსოვთ, შეწყალების შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უცხოელების კარნახით გააკეთა, პირველი რაც იყო წითელი ხალიჩა დაუგეს და აშშ-ის საელჩოში წითელ ხალიჩაზე მიიღეს ნიკა გვარამია, შემდეგ სხვადასხვა პრეზენტაციებზე გვერდით ესხდნენ და მათი საყვარელი ადამიანი გახდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

საქმეზე, რომელსაც ნიკა გვარამია სტრასბურგში ასაჩივრებდა, გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.