"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება

პარლამენტი მიკროფონი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დილიდან შეიკრიბებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც რეზონანსულ დოკუმენტზე მსჯელობა მესამე საკითხად არის დაგეგმილი, დილის 9 საათზე უნდა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, კანონპროექტის მეორე მოსმენას, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, მუხლობრივად უნდა იყოს წარმოდგენილი, რამდენიმე დღე დასჭირდეს, რის შემდეგაც ის პლენარულ სესიაზე გავა.

დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის გადადებას ითხოვენ "ნაციონალური მოძრაობა" და “სტრატეგია აღმაშენებელი". დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციური პარტიები ამის მიზეზად პროვოკაციებისა და გართულებების თავიდან აცილებას ასახელებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი პროვოკაციულია.

"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ საზოგადოება გაყოს, დააპირისპიროს ერთმანეთს, შესაბამისად ვთვლით, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის პროვოკაციის მცდელობა, რომ ჩაატაროს ეს კომიტეტი, რომლის აუცილებლობაც არ არსებობს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" აცხადებს, თითქოს არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, თუმცა სინამდვილეში უკვე ძალიან ბევრი რამ ითქვა.

"კომიტეტზე მუხლობრივი განხილვა იქნება. კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ, რომ ეს კანონი ცუდია. გასაგებია, რომ "ქართულ ოცნებას" ტაქტიკა აქვს არჩეული თქვას, არგუმენტი არ იყო ნათქვამიო, უბრალოდ არ შეიმჩნიოს არგუმენტები და ვითომ არაფერი არ არის ნათქვამი, მაგრამ უკვე, სინამდვილეში, ძალიან ბევრია არგუმენტი იყო ნათქვამი თუ რატომ არ უნდა მიიღონ ეს კანონი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.