უკუღმა რატომ ვაკეთებთ, გაგვეკეთებინა ჯერ სამართლებრივი სისტემის რეფორმა, დრო აქვს პოლიტიკას, ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, არ მიიღოთ ეს კანონი - თამარ ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

პარლამენტში მეოთხე საათია ცხარე კამათის ფონზე გრძელდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

იპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიონ კანონპროექტი. დეპუტატის თქმით, ქვეყანას ახლა დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება არ აწყობს.

"ნახეთ, ძალიან საინტერესო დეტალმა გაიჟღერა, თქვენ თავად თქვით, რომ 30-იან წლებში მიიღეს ეს კანონი, ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია. მოდით კოლეგებსაც ვთხოვ, რომ ნუ ავცდებით პოლიტიკურ ჭრილს.

საქართველო ძალიან ცუდ ვითარებაშია, ნურც ერთმანეთს შევეჯიბრებით ქვეყნის სიყვარულში, უგონოდ ნუ მოვიქცევით. რაში გვჭირდება ჩვენ ახლა დაპირისპირება იმ ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან, რომლებიც გვეუბნებიან და გვირჩევენ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. ჩვენ ხომ უფრო პრაგმატულები უნდა აღმოვჩნდეთ, როდესაც ერთ მხარეს ირანი ღმუის, მეორე მხარეს ნაძირალა ტერორისტული რუსეთი.

ქვეყანაში, სადაც დასანქცირებული მოსამართლეები არიან, ჩვენი პარტნიორი, რომელიც გვეხმარება, მას აინტერესებს - კორუფციული ტიპის ქვეყანა გახდება მისი ოჯახის წევრი თუ რუსული მართვის ტიპის ქვეყანა? ამიტომ დაასანქცირეს, სერიოზული ეჭვია. ისინი ვეტინგზე ამბობენ უარს. ამ პირობებში, როდესაც ამ ტიპის სასამართლო სისტემა გვაქვს, რა არასამთავრობოებს მიადექით, როცა მოსამართლეები და პროკურატურა უარს ამბობს გამჭვირვალეობაზე? აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

მომიტევეთ, რომ მოინდომოს ვიღაცა გარეწარმა პროკურორმა, ასეთებიც ხომ არსებობენ არა ამ ქვეყანაში, და დააბრალა ვიღაცას რაღაცა, ვისთან უნდა იმართლოს თავი დასანქცირებულ და ეჭვმიტანილ, კორუფციაში ჩაფლულ ხალხთან?

უკუღმა რატომ ვაკეთებთ? გაგვეკეთებია ჯერ სამართლებრივი სისტემის რეფორმა, როგორც დასავლეთშია, სულ რომ ვამბობთ, სულ მოგყავთ მაგალითი თავად თქვენც, რომ აი საფრანგეთში, ამერიკაში.. იქ განა ამ ტიპის სასამრთლო სისტემა გვაქვს? ამ ტიპის სამართლებრივი სისტემაა, სადაც ასანქცირებენ მოსამართლეებს?

ბევრჯერ ითქვა - რა თანხა შემოდის შშმ პირებს; ც ჰეპატიტის პროგრამა, პირდაღებულები რომ ვიყავით და მხოლოდ ერთი კაცის გვეგონა, ამერიკის აღმოჩნდა ბატონო, მთლიანად თან, სრულად.

ამ ვითარებაში რაში გვაწყობს, ჩვენს ქვეყანას ოკუპანტი რომ ებრძვის, რატომ გვაწყობს ჩვენ ახლა, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში?

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, უპირველესი მე ვიქნები, ვინც ოპოზიციონერებს ეტყვის, რომ ვინც ნიშნის მოგებით ისაუბრებს, ეს იქნება კატასტროფა. ახლა ყველა ნამდვილი და გაანალიზებული საქციელი იქნება, სულ რომ მართლად გრძნობდეთ თავს, დრო აქვს პოლიტიკას, ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, არ მიიღოთ ეს კანონი, ძალიან ცუდ ვითარებაშია ქვეყანა. ეს არის ჩემი რჩევა, გნებავთ მეგობრული, პოლიტიკური, დრო აქვს ყველაფერს,“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.