ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა დელეგაციამ თურქულ მხარეს დიდი მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ ომებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით და სამხრეთით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და თურქეთმა კიდევ უფრო მეტად ითანამშრომლონ უსაფრთხოების, განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ საპარლამენტო ასამბლეებში, აქამდეც გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა ქართულ და თურქ საპარლამენტო დელეგაციებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. თურქულ მხარეს დიდი მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე მათ ვთხოვეთ, მხარდაჭერა ჩვენი არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებში, სადაც თურქეთს მნიშვნელოვანი გავლენა და ბერკეტები აქვს. საუბარი იყო საგანმანათლებლო გაცვლით პროექტებზე, ვაჭრობაზე და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. მოგეხსენებათ, რომ თურქეთს მომავალ წელს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა. რა თქმა უნდა, მთავარი და ძირითადი საკითხი უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნებაა და ამაში აუცილებლად ვითანამშრომლებთ მომავალში, რათა რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა სამხარაძემ.