ტრამპი: ყაზახეთი აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდება, რათა ისრაელსა და მუსლიმური უმრავლესობით დასახლებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დარეგულირდეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყაზახეთი აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდება, რათა ისრაელსა და მუსლიმური უმრავლესობით დასახლებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დარეგულირდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და, ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს ვაშინგტონში შეხვდა.

„ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყაზახეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდა, პირველი მრავალიდან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ხიდების აგების გზაზე. დღეს უფრო მეტი ერი დგას რიგში, რათა აბრაამის შეთანხმებების მეშვეობით მშვიდობას და კეთილდღეობას მივაღწიოთ. მალე გამოვაცხადებთ ხელმოწერის ცერემონიას, რათა ეს ოფიციალურად გავაფორმოთ და კიდევ ბევრი ქვეყანა ცდილობს, შეუერთდეს ამ ძლიერთა კლუბს. კიდევ ბევრი რამ გველოდება სტაბილურობისა და ზრდისთვის ქვეყნების გაერთიანების კუთხით – რეალური პროგრესი, რეალური შედეგები. კურთხეულ არიან მშვიდობისმყოფელები!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც „როიტერი“ წერს, ყაზახეთს უკვე აქვს სრული დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები ისრაელთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი დიდწილად სიმბოლური იქნება.

ცნობისთვის, 2020 წელს, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აბრაამის შეთანხმებებს ისრაელთან ხელი მოაწერეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, სუდანმა და მაროკომ. ამ ხელშეკრულების გაფორმებისგან პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ ნაბიჯების არარსებობის გამო საუდის არაბეთი თავს იკავებს.