ნახეთ, შორენა ბეგაშვილის ზღაპრული დასვენების კადრები
1749233109
იმედი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნან საქართველოს, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
პროფესორი ჯეფრი საქსი ონლაინ ჩაერთო ფორუმის მონაწილეებს და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მათ.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას და კავკასიის რეგიონში მშვიდობის განმტკიცების აუცილებლობას.
„მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში გქონდეთ სიცხადე რეგიონში თანამშრომლობაზე, მათ შორის ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობას. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - ეს სამი ქვეყანა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, დავების მიუხედავად. ეს სამი ქვეყანა დამოკიდებულია ერთმანეთთან მშვიდობაზე, ხოლო ამ მშვიდობაზეა დამოკიდებული რეგიონის ფუნქციონირება თავისი შთამბეჭდავი ტურიზმით, უნიკალური ეკოლოგიით, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობით, ენერგო სექტორითა და სატრანსპორტო დაკავშირებულობით“, - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიამ თავიდან უნდა აირიდოს დასავლეთის თამაშებში მონაწილეობა.
„აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა. თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა, როგორც სოფლის მეურნეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე აიტი ცენტრი, სატრანსპორტო ხიდი და ცივილიზაციათა შორის ხიდი- არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნას თქვენ ქვეყანას“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.