1751921238
თენგიზ შარმანაშვილი: აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნებზე და, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი კვლავ მოწვევის თაობაზე

აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, მანამდე ამის გაკეთება არ ღირს.
„ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნიათ და ეუთო/ოდირის სიტყვა გადამწყვეტი, ერთ-ერთი წამყვანია ასეთ ვითარებაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ, ისევ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ სწორება. ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე, მაგრამ ისევ ის ფარსი გავითამაშოთ, რომ დაბულინგებული ეუთო/ოდირი ჩამოვიყვანოთ და შემდეგ კაცმა არ იცის, იმ დასკვნას ვინ სად მოისვრის? ასეთ ვითარებაში საუბარიც ზედმეტია. ავტორიტეტულად მიიჩნევ? აღიარე. თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები. იქვეა მოწოდება, რა უნდა გამოასწოროს საქართველოს ხელისუფლებამ. დასკვნაში ეუთო/ოდირი ხელისუფლებას აღიარებს და ეუბნება, რომ დანარჩენი ნაწილი, რაზეც გესაუბრები შენ, ლეგიტიმური ხელისუფლებავ, კიდევ უფრო გააუმჯობესე. თავად ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, უკიდურესად შეურაცხყოფილი ვართ, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ, სანაგვე ყუთში მოისროლეთო. შემდეგ გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე ამის გაკეთება არ ღირს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.