თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის HPV ტესტირება დაემატა

სკრინინგი

თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის  (HPV) ტესტირება დაემატა. აღნიშნული სიახლის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მომსახურებას დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები უფასოდ მიიღებენ.

„ჩვენ ახალი პროგრამის დანერგვა დავიწყეთ. HPV ტესტირება, მერიის პროგრამის ფარგლებში, „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ სრულად დაფინანსდება და დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები, მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.  საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც HPV ტესტირებაზე გადავიდა. HPV მაღალტექნოლოგიური, ინფორმატიული და ზუსტი ტესტია, რომლის საშუალებით, მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის გამოვლენა ხდება. ტესტირების ახალი მოდელი, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომ სწორად მოხდეს მისი მართვა-მკურნალობა და მეტ ქალს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე. საბოლოო ჯამში კი, ეს საქართველოში კიბოს ავადობის მაჩვენებლებზე აისახება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროცესი დაიწყო, რაც 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

„აღნიშნული ორგანიზაციის რეკომენდაციით, სკრინინგისა და დიაგნოსტიკის საერთაშორისო გზამკვლევის გათვალისწინებით, 30-დან 60 წლის ქალებში PAP ტესტირება HPV-ით უნდა ჩანაცვლდეს. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.