ტატა ხვედელიანი: გახარიას პრემიერობის დროს საქართველო ასოცირებულ სამეულში მოწინავე პოზიციებზე იყო, ახლა კი ქვეყანაში უკუსვლაა, ევროკომისიის მწვავე ანგარიში მოსალოდნელი იყო

ტატა ხვედელიანი

„ქართული ოცნება“ ძალაუფლებას და ხალხისგან მოპარულ ფულს ინარჩუნებს, ამას კი ევროპულ მომავალს აყოლებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ვითარების გაუმჯობესების მოლოდინი არ აქვს, რადგან ხელისუფლება აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.

„ანგარიში მწვავეა, რომლის შინაარსიც არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ იმ
ძალადობრივი ქმედებებიდან და უკუსვლიდან გამომდინარე, რაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში გაიარა. მაშინ როცა 2020 წელს, გახარიას პრემიერობის დროს საქართველო სამეულში მოწინავე პოზიციებზე იყო, ახლა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ახლა სხვა ქვეყნები მოწინავე პოზიციებზე არიან, განსაკუთრებით მოლდოვა და უკრაინა. რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ ვითარება გაუმჯობესდება, არ გვაქვს, რადგან ისევ ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას ვხედავთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა თვითიზოლაციაში იყოს. მთავრობის მხრიდან მზაობა უნდა იყოს, რომ რეფორმები გატარდეს. მთავარი, რასაც „ოცნება“ აკეთებს, ძალაუფლებას და ხალხისგან მოპარულ ფულს ინარჩუნებს, ამას კი ევროპულ მომავალს აყოლებს“, – განაცხადა ხვედელიანმა.