შიდა და გარე აქტორებს სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე რომ დავუკეტოთ, მოწვევა გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს - დარწმუნებულები ვართ, ჩამობრძანდებიან და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური განხილვის თემაა ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა საქართველოში. "არჩევნებთან დაკავშირებით, არავითარი კითხვა არ უნდა დარჩეს" - თქვა მთავრობის მეთაურმა და განაცხადა, რომ საერთაშორისო მონიტორებს, მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ხელისუფლება ყველა პირობას შეუქმნის.

ოფიციალური წერილი ეუთო-ოდირს უკვე გაეგზავნა, გადაწყვეტილება კი საზოგადოებას გუშინ თავად მთავრობის მეთაურმა გააცნო.

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მმართველი გუნდი საერთაშორისო მისიაზე, ამჯერად კიდევ უფრო მძიმე ზეწოლას ელოდება, თუმცა იმედი აქვს, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს.

"თქვენ გახსოვთ წინა არჩევნების ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, როდესაც მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკო-მ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. მას მერე ჩვენ მოგვიწია ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შეტევები ხორციელდებოდა და ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნას, შემდეგ შეცვალეს თავისი ჩვენება, უკაცრავად ჟარგონისთვის და, დაიწყეს ეუთო/ოდირის ლანძღვა-გინება, ხან კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ და ა.შ. შემდეგ ისინი გვთხოვდნენ, რომ ეუთო/ოდირს რატომ არ იწვევსო "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზეო. სწორედ ამიტომ არ ვიწვევდით, რომ არავინ ანგარიში არ გაუწია მის დასკვნას, თუმცა მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა ისე გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ჩამობრძანდებიან და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.