1763823086
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის. ამ გზისკენ გვიბიძგებდნენ, 2022 წლის მარტში მიტინგებს ატარებდნენ მოთხოვნით, ესკალაციაში შევსულიყავით ქვეყანასთან, რომელმაც უდიდესი ომი წამოიწყო
"უკრაინის ხელისუფლებას დღეს ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის. ისეთ მდგომარეობაშია, არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია და "ენჯეოები“ გარედან კარნახით სწორედ ამ გზისკენ უბიძგებდნენ საქართველოს.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვნახეთ ამ გეგმაზე პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან რეაქციითაც კი, რომ უკრაინის ხელისუფლებას დღეს ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც სინამდვილეში, არჩევანიც აღარ არის. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, მას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის. სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც ჩვენ ოპოზიცია და "ენჯეოები" გარედან კარნახით გვთავაზობდნენ და რომლისკენაც გვიბიძგებდნენ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში მიტინგებს ატარებდნენ პარლამენტის შენობასთან იმის მოთხოვნით, რომ ჩვენ ესკალაციაში შევსულიყავით იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უდიდესი ომი წამოიწყო და ამისკენ გვიბიძგებდნენ, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ზუსტად ეს უნდოდათ, რომ საქართველოც ასეთ მდგომარეობაში ჩართულიყო.
ჩვენი ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, ამას ამდენი დრო არ დასჭირდებოდა, მაგრამ ზუსტად ასეთ მომენტამდე მიგვიყვანდნენ საბოლოო ჯამში. ამიტომაც არის, რომ ქართული საზოგადოება ზუსტად ხვდება, რასთან გვქონდა საქმე. ზუსტად ხვდება, რისკენ გვიბიძგებდნენ, ზუსტად ხვდება, რომ ის ძალები, რომლებსაც საქართველოს ჩათრევა უნდოდათ ამ უმძიმეს ომში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ", – განაცხადა პაპუაშვილმა.











