შალვა პაპუაშვილი: ტონი შეინიშნებოდა, რომ იმედი აქვთ იქნებ არ მოხდეს „ლელოს“ აკრძალვა და სხვების აკრძალვა მოხდეს. არ ვიცი, ეს რაღაც სიგნალებია გარიგების თუ რა არის, ვერ ვხვდები. როგორც განვაცხადეთ, მივყვებით ობიექტურ კრიტერიუმებს

შალვა პაპუაშვილი

„ტონი შეინიშნებოდა, რომ იმედი აქვთ იქნებ არ მოხდეს „ლელოს“ აკრძალვა და სხვების აკრძალვა მოხდეს. არ ვიცი, ეს რაღაც სიგნალებია გარიგების თუ რა არის, ვერ ვხვდები“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში მეტი განხეთქილების შესატანად აკრძალავენ ორ კოალიციას თუ პარტიას და არ აკრძალავენ მათ კოალიციას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ობიექტურ კრიტერიუმებს მიჰყვებიან.

„ტონი შეინიშნებოდა, რომ იმედი აქვთ იქნებ არ მოხდეს „ლელოს“ აკრძალვა და სხვების აკრძალვა მოხდეს. არ ვიცი, ეს რაღაც სიგნალებია გარიგების თუ რა არის, ვერ ვხვდები. ჩვენ როგორც თავიდან განვაცხადეთ, მივყვებით ობიექტურ კრიტერიუმებს და ორ მთავარ კრიტერიუმს. კერძოდ, პირველი, რამდენად არის არგუმენტირებული ჩვენი მტკიცება, რომ ესა თუ ის პარტია არღვევს კონსტიტუციას და არის არაკონსტიტუციური თავისი არსით. მეორე, რამდენად არის რეალური მათი გავლენა, რომ საჭირო იყოს ამ მექანიზმის, რომელიც საკმაოდ მძიმე მექანიზმია, ამ მექანიზმის გამოყენება. ამ კრიტერიუმების მიხედვით ეს სამი პარტია მოექცა ჩვენს თვალსაწიერში და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს უკვე ყველაფერზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.