შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პოსტმა ცხადჰყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან. მისივე თქმით, საელჩოს ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი "ოჯახური ღირებულებების" და "გამჭვირვალობის" კანონების გაუქმებას მოითხოვს. “ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადჰყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც, ზეპირად, აგვისტო, როგორც ვადა მოაყოლეს, მაშინ როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან ოთხ თვეში, დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს. როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო, წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას. მსგავსი მასშტაბის ჩარევა და ნებისმიერ ფასად ხალხის არჩევანის შეცვლის სურვილი რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევაა, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენი სიმართლის მორიგი დადასტურებაა. ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი "ოჯახური ღირებულებების" და "გამჭვირვალობის" კანონების გაუქმებას მოითხოვს.”- წერს პაპუაშვილი.