შალვა პაპუაშვილი: რადიკალები არიან უცხოელი პატრონების დამჯერი. მათი უცხოელი მფარველები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. დააყრევინეს მანდატი, დატოვეს ქუჩაში და ამის შედეგებს იმკიან. არიან შესული სპირალში, რომლიდანაც ისინი ვერ გამოვლენ

შალვა პაპუაშვილი

რადიკალები არიან მათი უცხოელი პატრონების დამჯერი. მათი უცხოელი მფარველები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. დააყრევინეს მანდატი, დატოვეს ქუჩაში და ამის შედეგებს იმკიან საბოლოო ჯამში. არიან შესული სპირალში, რომლიდანაც ისინი ვერ გამოვლენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „რევოლუცია გარდაუვალია“.

მისი თქმით, სააკაშვილი კავშირშია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მათი დავალებით მოქმედებს. რადიკალების უცხოელ მფარველებს კი ჩიხში შეჰყავს ოპოზიცია.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია დემოკრატიულ და არა დემოკრატიულ ძალებს შორის.

„როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულად არის დაკავშირებული მათ შორის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ოპერაციის შედეგად შემოაპარეს 2021 წელს იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა მოეწყოთ. ეს ვიცით უკვე, მათ შორის იმ მტკიცებულებებიდან, რომელიც ამ პროცესში არის წარმოდგენილი, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ამაში უშუალოდ ჩართული. და უკრაინის სპეცსამსახურებს თავის მხრივ, რომელ სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირი მე მგონი ეს ისედაც ჩანს. ასე რომ ფაქტია ვისი დავალებით მოქმედებს სააკაშვილი ახლა უკვე ციხიდან, მანამდე უკრაინიდან, მანამდე ხელისუფლების ბერკეტების გამოყენებით.

ძალადობის ნებისმიერი სახის ნორმალიზება, რასაც ჩვენ ვხედავთ მათ შორის ქვეყნის გარედან არის უპირველეს ყოვლისა ძალადობის წაქეზება. შესაბამისად, ყველა, ვინც აქეზებს ძალადობას არის მონაწილე ძალადობისა. ვხედავთ ჩვენ იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. მათი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ არიან სრულიად დამჯერი მათი უცხოელი პატრონებისა და მათი უცხოელი მფარველები კი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. დააყრევინეს მანდატი, დატოვეს ქუჩაში და ამის შედეგებს იმკიან საბოლოო ჯამში. არიან შესული სპირალში, რომლიდანაც ისინი ვერ გამოვლენ და 4 ოქტომბრის არჩევნები ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ეს იქნება წყალგამყოფი დემოკრატიულ და არა დემოკრატიულ ძალებს შორის. წყალგამყოფი მათ შორის, ვინც თანახმაა, რომ იყოს ნაწილი დემოკრატიული პროცესისა და მათ შორის ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ იქნება უკვე ანტიდემოკრატიული ძალები. ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც აანონსებენ ძალადობრივ აქციებს, ვგულისხმობ იმ „ენჯეოებს“, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ძალადობრივ აქციას უერთდებიან და ვგულისხმობ მათ შორის იმ მედია საშუალებებს, რომლებიც ამ ძალადობის მედია მხარდაჭერას და პროპაგანდას ახორციელებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.