შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის ანგარიშში არის აბსოლუტურად სამარცხვინო ჩანაწერი, თითქოს საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს - ეს არის დიდი უმადურობა ბრიუსელის მხრიდან

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეაფასა ევროკომისიის ანგარიშში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გაკეთებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოს, საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდამჭერ 1000-ზე მეტ განცხადებას და რეზოლუციას დაუჭირა მხარის და ანგარიშში ამგვარი ჩანაწერი სამარცხვინო და ბრიუსელის მხრიდან უმადურობაა.

„ამ ანგარიშში არის აბსოლუტურად სამარცხვინო ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს, მათ შორის გაეროში და ევროსაბჭოში. მათ შორის მოყვანილი არის მაგალითი გაეროს რეზოლუციასთან და ტრიბუნალთან დაკავშირებით. ეს არის სამარცხვინო ჩანაწერი და დიდი უმადურობა ბრიუსელის მხრიდან მაშინ, როდესაც საქართველომ 1000-ზე მეტ სხვადასხვა რეზოლუციას, განცხადებას დაუჭირა მხარი გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში.

მაგალითად მოჰყავთ გაეროს რეზოლუცია, რომელსაც არ დაუჭირა მხარი საქართველომ. იცით, ეს რა რეზოლუციაა? - როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ტექსტი წარმოადგინა, საქართველომ მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას. ანუ ევროკავშირი ჩვენ გვსაყვედურობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი. ამას გვსაყვედურობს - ეს ხომ სამარცხვინოა.

ასევე საუბარია, თითქოს საქართველომ თავი შეიკავა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, დანაშაულების სპეციალური ტრიბუნალის მხარდაჭერისგან, რაც არის სამარცხვინო ტყუილი. შეგახსენებთ, რომ ეს ტრიბუნალი დღემდე შექმნილი ჯერ არ არის, ის შექმნის პროცესშია. საქართველომ მხარი დაუჭირა როგორც ტრიბუნალის შექმნის თავდაპირველ გადაწყვეტილებას, ისე რეესტრის შექმნის გადაწყვეტილებას, რომელსაც სხვათა შორის, ზოგიერთმა ევროპულმა, ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სადაც კი იყო საქართველოს დელეგაცია, ყველგან უჭერდა მხარს რეზოლუციებს უკრაინასთან დაკავშირებით.

„ეს არის ბრიუსელის სამარცხვინო ჩანაწერი ამ ანგარიშში და ეს არის დიდი უმადურობა.

ქართველმა ხალმა, ისე რომ მას არ ევალებოდა, უკრაინელ ხალხთან საკუთარი სოლიდარობის გამოსაჩენად თქვა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს; ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს, მაგრამ უზრუნველვყოფთ სანქციებისთვის გვერდის ავლის არარსებობას საქართველოში და მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე. 1000-ზე მეტ დოკუმენტს დავუჭირეთ მხარი და აი, ეს სამარცხვინო ჩანაწერი და უმადურობა მოგვიგდო დღეს ბრიუსელმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს განცხადებით გამოეხმაურა.