1751309999
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიასთვის, ანა ბუჩუკურისთვის, გიორგი გახარიასთვის, ლევან გოგიჩაიშვილისთვის, ზაზა თავაძისთვის, ბექა ლილუაშვილისთვის, ნათია მეზვრიშვილისთვის, ბერდია სიჭინავასთვის, კახაბერ ქემოკლიძისთვის, როინ ქოჩორაშვილისთვის, დიმიტრი ცქიტიშვილისთვის და ზვიად ძიძიგურისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა მოიკვლია პარლამენტის წევრთა პლენარულ სხდომებზე დასწრების საკითხი და მათ მიერ სხდომების გაცდენების რაოდენობა დაადგინა. მისივე თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტის წევრები არასაპატიო მიზეზით არ დაესწრნენ პლენარულ სხდომებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტმა შესაბამისი დასკვნის პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს რეკომენდაციას აძლევს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს ვადამდე შეუწყდეთ დეპუტატის უფლებამოსილება.
„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 მორიგი სხდომა ჩატარდა, აქედან პარლამენტის ჩამოთვლილი წევრების მიერ გაცდენილ იქნა 26 მორიგი სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოავლენს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის 12 წევრის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 სხდომა გაცდენილ იქნა არასაპატიო მიზეზით, შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის აღნიშნულ წევრებს ვადამდე შეუწყდეთ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ინდივიდუალურად უყარეს კენჭი და კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირეს.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.