საპარლამენტო ბოიკოტი, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება და ქუჩის აქციები - რა სტრატეგიას ირჩევს ოპოზიცია

საპარლამენტო ბოიკოტი

საპარლამენტო ბოიკოტი, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება და ქუჩის აქციები - ეს არის სტრატეგია, რომელიც ოპოზიციამ მმართველი გუნდის დასამარცხებლად აირჩია. მთავარ აქცენტს ხელისუფლების ოპონენტები ერთიანობაზე აკეთებენ.

"ძალა არის ერთობაში, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. კონკრეტული გეგმა არის პოლიტიკური ძალების გაერთიანება, საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება, ვინაიდან არის ძალა ერთობაში. ამ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის პარტია," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

უმრავლესობა კი ოპოზიციის ლუსტრაციაზე საუბრობს და აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს პარლამენტში კი არა, ქუჩაშიც კი არ გააჩნიათ რესურსი სასურველი შედეგის მისაღებად.

შეფასება გაკეთდა "ხალხის ძალაშიც". საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია პარლამენტშიც და ქუჩაშიც უკვე გაკოტრდა.

"ოპოზიცია პრაქტიკულად არის უკვე განულებული, პარლამენტში გაკოტრდა, ქუჩაშიც არის გაკოტრებული, იმიტომ, რომ არც აქციაზე უშვებენ როგორც ორგანიზატორებს და არც არავინ ყურს არ უგდებს. თვითონ ოპოზიციაში არის განხეთქილება, რა უნდა გააკეთონ არ იციან. ერთადერთი, რაც აქვთ დარჩენილი, ეს არის, რომ იყვნენ მოლოდინის რეჟიმში, რომ როგორმე რომელიმე უცხოელმა მათ სასარგებლოდ რაიმე სიტყვა თქვას," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, "ნაციონალურ მოძრაობას", "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელს" საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.